ნილს ნიგაარდი - მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების პრემიერ-მინისტრი ჰყავს
ნილს ნიგაარდი - მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი ჰყავს, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტმა, ნილს ნიგაარდმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართველი ოლიმპიელების პატივსაცემად გამართა.

ნილს ნიგაარდმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მქონდა პატივი, თბილისში დავსწრებოდი დიდ ოლიმპიურ გარბენს და ყველა თაობის ოლიმპიელთა ფორუმს. დიდი პატივია, იმყოფებოდე ამდენ ოლიმპიელს შორის, რომლებმაც უამრავი მედალი მოიპოვეს საქართველოსთვის. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამდენი ოლიმპიური ჩემპიონის ყოლა და მედლის ფლობა მართლაც შთამბეჭდავია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთელ საქართველოს და ყველა ქართველ ოლიმპიელს წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა ნილს ნიგაარდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ოლიმპიელებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველო ოლიმპიელების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.