ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბიბლიოთეკების განვითარების ახალ კონცეფციას იწუნებს
ეს არის კონცეფციის კონცეფციის კონცეფცია, და ფიქრები ბიბლიოთეკების შესახებ და არა კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიბლიოთეკების აიპიდ შექმნის საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, ბიბლიოთეკების შესახებ ის მასალები, რომელიც ჩვენ ვნახეთ ძნელად თუ დაიმსახურებს შეფასებას კონცეფციისა.
„ეს არის კონცეფციის კონცეფციის კონცეფცია, ჩემი აზრით, ეს არის ფიქრები ბიბლიოთეკების შესახებ და არა კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული ფრაზები”, – აღნიშნა ვაჩეიშვილმა.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა მერის და კულტურის სამსახურს მოუწოდა საკითხში უკეთ გასარკვევად საექსპერტო წრეები და უცხოური გამოცდილება მოიშველიოს.
„ვფიქრობ, რომ ასეთი განხილვა დაგვიანებულიცაა, რადგან აჟიოტაჟი უკვე ბიბლიოთეკარებსა და საზოგადოებაში შუა ზღვარს გადაცდა და მღელვარება დიდია. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მმართველ გუნდს ეზრუნა და არა ფიქრები, არამედ კონცეფცია წარმოედგინა ოპტიმალურ ვადაში. შეხვედრები ყოფილიყო უფრო კონსტრუქციული და შედეგიანი ბიბლიოთეკარებთან, მათ არ ჰქონოდათ შიში, რომ მათ ისე დაითხოვენ, არავინ არაფერს არ ჰკითხავს. რეალურად ჩვენ ხელში ამ ქმედებით შეგვრჩება ის, რომ მხოლოდ ბიბლიოთეკარებს ჩაუტარებენ გაურკვეველ გამოცდებს. კონცეფციას ვერ შევაფასებ, როგორც ქმედით დოკუმენტს. ვთხოვ მერიას და კულტურის სამსახურს, რომ იღონოს ყველაფერი, ჰკითხონ კიდევ უფრო ფართო საექსპერტო წრეებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებაც მოიშველიოს, რომ ბიბლიოთეკების მდგომარეობა უკუსვლის ნაცვლად წავიდეს წინ”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.