ნიკოლოზ ანთიძე - აქციის მონაწილეების პრეტენზიები მიუღებელია, რადგან სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე უშგულში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების პრეტენზიები მიუღებელია, რადგან სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, წლევანდელი წელი არის გარდამტეხი, რადგან ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაწყება ძეგლებზე სახელმწიფო ბიუჯეტით წელს დაიწყო.
„წლევანდელი წელი არის გარდამტეხი. წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესები. მხოლოდ წელს მიმდინარეობს 23 ძეგლის რეაბილიტაცია, რომელთა შორისაც არის კოშკები და მაჩუბები. წელს უკვე დაიწყო 30 ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელთა რეაბილიტაციაც მომავალ წელს დაიწყება. დღეის მონაცემებით, სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულია 160 პრობლემური ძეგლი. მათ მთლიან რეაბილიტაციას ვერც ადამიანური და ვერც ქვეყნის ფინანსური რესურსი ერთიანად ვერ გაწვდება. გვაქვს ხუთწლიანი გეგმა, რომ ეს ძეგლები ეტაპობრივად გაკეთდეს.
რაც შეეხება ჩარქსელიანების კოშკს, ჩამონგრევამდე ერთი დღით ადრე მოხდა პრობლემის შესწავლა. სააგენტომ იცოდა, რომ ძეგლს ჰქონდა პრობლემა და უნდა დაწყებულიყო სამუშაოები. ახლაც მიმდინარეობს მის საპროექტო გეგმაზე მუშაობა და ეს ძეგლი დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. ამის მაგალითი არის წინა ჩამონგრეული კოშკი უშგულში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საერთოდ მგონია, რომ დიდი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ძეგლების მოვლა-პატრონობაში ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ის რასაც ვაკეთებთ, რეალურად არ დაზიანდეს. თუ არ მოუვლიან, მხოლოდ რეაბილიტაცია ვერ უშველის. საერთოდ, ძალიან მიკვირს და ვერ ვიღებ ამ საპროტესტო აქციის შინაარსს, რადგან ბევრი რამე კეთდება სვანეთში, რაც რეალურად არ ჩანს. მთავარი არის ის, რომ ხაზს არ ვუხვევთ და რაც არის დაგეგმილი, რომელი პრობლემების შესახებაც ჩვენ ვიცით, ის პრობლემები ხუთ წელიწადში იქნება გადაჭრილი“, – აცხადებს ანთიძე.
სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით უშგულში საპროტესტო აქცია იმართება.