ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ნოემბრისთვის გაფორმების იდეას ეთანხმება
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ნოემბრისთვის გაფორმების იდეას ეთანხმება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის ეთანხმება სამშვიდობო შეთანხმების ნოემბრისთვის გაფორმების იდეას.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ამისთვის აუცილებელია, სამშვიდობო შეთანხმებაში დავაფიქსიროთ ყველა ის პრინციპი, რომელიც საჯაროა და შეთანხმებულია მოლაპარაკებების პლატფორმებზე. ეს პრინციპები უნდა იყოს წარდგენილი და ხელმოწერილი, მე ვეთანხმები ამ ლოგიკას. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში, ალმათიში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე ეს პროგრესი დაფიქსირებული იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს არ განუმარტავს, როგორ მოგვარდება შეუთანხმებელი პრინციპების საკითხი.

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან საზღვარზე, ტავუშის ოლქში დემარკაციის პროცესის ფარგლებში სასაზღვრო ბოძების აღმართვაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მხოლოდ მშვიდობას შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტიები არის ტავუშის ოლქში განთავსებული სასაზღვრო ბოძები.

„მხოლოდ მშვიდობას შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ მივიღეთ მშვიდობიანი დღის წესრიგი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება და ვახორციელებთ მას, როგორც უსაფრთხოების გარანტიების სისტემას. სასაზღვრო ბოძები, რომელთა განთავსება ტავუშის ოლქში ხდება, არის სომხეთის უსაფრთხოების გარანტიების ბოძები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბოძების რაოდენობა გავზარდოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შიდა და საგარეო სტრატეგია წარადგინა.

„ჩვენი რეგიონული გარემო შემდეგია: საქართველოსთან და ირანთან კეთილმეზობლობის გაღრმავება და განვითარება, თურქეთთან და აზერბაიჯანთან მტრობის მართვა, შემცირება და განულება, რეგიონული სატრანსპორტო ინტეგრაცია, ეკონომიკური კავშირების დამყარება, გაღრმავება და განვითარება. უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვენ ვხედავთ ჩვენი საგარეო ურთიერთობების დივერსიფიცირებაში, არმიის რეფორმირებაში, საყოველთაო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის დანერგვაში. ყველაფერი ეს უნდა იყოს დაფუძნებული ლეგიტიმურობაზე. სწორედ ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ყველა ამ თეზისის განხორციელება“, – განაცხადა ფაშინიანმა.