ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებმა, 19 აპრილს მიღებული ოქმის შესაბამისად, საზღვრის ცალკეული მონაკვეთები ოთხ სოფელთან შეათანხმეს
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებმა, 19 აპრილს მიღებული ოქმის შესაბამისად, საზღვრის ცალკეული მონაკვეთები ოთხ სოფელთან შეათანხმეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სასაზღვრო კომისიების შეთანხმება დიდი წარმატებაა ორი მიზეზით.
ფაშინიანის განმარტებით, მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის; მეორეც, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო ოფიციალურად დელიმიტირებული საზღვარი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს გარემოება მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონეს არა მხოლოდ ამ სოფლებში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის მთელი საზღვრის გასწვრივ.
„აღინიშნა, რომ დელიმიტაცია განხორციელდა 1976 წლის რუკების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება 1979 წლიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესში ახალი საზღვრის შექმნა არ უნდა მომხდარიყო, არამედ უნდა მომხდარიყო ალმათის დეკლარაციაში ადრე დადასტურებული საზღვრების აღდგენის პროცესი. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა შევქმნათ საზღვარი, არამედ უნდა აღვადგინოთ ის საზღვრები, რომლებიც არსებობდა სსრკ-ის დაშლის დროს და აქვს იურიდიული მნიშვნელობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების მეცხრე შეხვედრა 15 მაისს გაიმართა.