სომხეთის სოფელ კირანცის მცხოვრებლები აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემას აპროტესტებენ
სომხეთის სოფელ კირანცის მცხოვრებლები აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემას აპროტესტებენ

სომხეთის სოფელ კირანცის მცხოვრებლებმა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. როგორც სომხური მედია წერს, მოქალაქეები აპროტესტებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეული მონაკვეთების დემარკაციის შეახებ შეთანხმებას და აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემას.

გავრცელებული ცნობით, სომხეთში ჩავიდა ტავუშის ოლქის პოლიციის უფროსი, რომელიც აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მან მოუწოდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, გახსნან გზა და ტავუშის გუბერნატორს შეხვდნენ. ამჟამად პოლიცია გადაკეტილი გზის გახსნას ცდილობს. სამართალდამცველებმა მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ.

მედიის ცნობით, მანამდე სოფელ კირანცში ჩავიდნენ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები, რათა დაედგინათ ის სახლები, რომლებიც საზღვრის დემარკაციის შედეგად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

ცნობისთვის, სომხეთის პრემეირ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 16 მაისს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დემარკირებულ საზღვარზე 8-9 დღეში განლაგდებიან, ხოლო სოფელ კირნაში ეს მოგვიანებით მოხდება, რადგანაც უნდა მოხდეს დამატებითი დეტალების დაზუსტება.

ამასთან, სოფელ კირანცზე გამავალი სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი ადრე თუ გვიან მაინც დაიხურება და სომხეთის ხელისუფლება თვლის, რომ შესაძლებელია ამ გზის ნაწილი, სოფელ კირანცის ნაწილთან ერთად, აზერბაიჯანს გადაეცეს.