ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციაზე კანონის მიღება, იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა დეოლიგარქიზაციის დასრულებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სიმონიშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომელზეც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი იყო, ხელისუფლებას კონკრეტულ შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით ხედვა არ ჩამოუყალიბებია.
„ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულების პროცესთან და შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა. მმართველ გუნდს ჩვენი წუხილი გავუზიარეთ, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო აქამდეც ასეთი შეხვედრა, პროცესი სწორად რომ წარმართულიყო. ხელისუფლებას კონკრეტულ შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ისინი არ საუბრობენ და შინაარსში არ შედიან, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისინი არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ერთი, ეს შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას და მეორე, რაც შეეხება სასმართლო სისტემას, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც ისეთი პოზიციები მოვისმინეთ, რომ ხელისუფლებას შესაძლებელია, არ ჰქონდეს ამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება. მათი მხრიდან ერთადერთი პოზიცია, რაც დაფიქსირებული იყო, არის ის, რომ მიესალმებიან სამოქალაქო სექტორის ჩართულობას და ჩვენი პოზიციების მოსმენას. თუმცა მათი მხრიდან მზაობა რამდენად იქნება ასეთ პრინციპულ საკითხებთან მიმართებით, მათი პასუხებიდან გამომდინარე გამიჭირდება ვთქვა, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს შეიცავს, ამაზე გარკვეული პოლიტიკური ნება გააჩნდეთ.
დეოლიგარქიზაციაზე ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უფრო უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე ვიყავით. ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა დეოლიგარქიზაციის დასრულებისკენ. დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინცდამაინც საჭირო კანონის მიღება, დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა ძლიერი ინსტიტუციების ქონა. ძლიერი ინსტიტუციებისთვის კი, რეფორმებია საჭირო. ამ რეფორმების ნება ჩვენ დღეს ხელისუფლებისგან ამ შეხვედრაზე სამწუხაროდ ვერ დავინახეთ, თუმცა ვნახოთ, სამუშაო პროცესში რა შეიცვლება“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ პლატფორმაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ექვს თვეში შესრულების საკითხი იყო. კონკრეტულად მხარეები დახურულ კარს მიღმა ევროკომისიის პუნქტების აღსრულების გზაზე და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდის საკითხზე მსჯელობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ პლატფორმის საშუალებით მმართველ გუნდს სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება.