ნიკოლოზ სიმონიშვილი - ფილიპ რიკერს შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება, დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი და გატარდეს აუცილებელი რეფორმები
ნიკოლოზ სიმონიშვილი - ფილიპ რიკერს შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება, დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი და გატარდეს აუცილებელი რეფორმები

დღევანდელი შეხვედრა შეეხო 19 აპრილის შეთანხმებას, მის იმპლემენტაციას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კრიზისს თავი დავაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საარჩევნო, პოლიტიკური თემები და საკითხების ირგვლივ რიკერს ხედვები გააცნეს.

„შეხვედრაზე უმთავრესად განსახილველი საკითხი იყო სასამართლოს რეფორმა, როგორც უმთავრესი და ფუნდამენტური ინსტიტუცია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სწორად წარიმართოს. ასევე საარჩევნო, პოლიტიკურ საკითხები, პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკაში პოლარიზაციის საკითხები. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ხედვები შევთავაზეთ რიკერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური კრიზისი იყოს დაძლეული, როგორ გატარდეს ეს აუცილებელი რეფორმები.

შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს კონტექსტში ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ ინფორმირებულები. პრინციპში, ის საკითხები რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, იგივე სასამართლოში არაფორმალური გავლენების საკითხებზე, საკმაოდ კარგად არიან  ინფორმირებული. ამდენად, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნდამენტური რეფორმები, რათა პოლიტიკური კრიზისი იქნას დაძლეული გრძელვადიან პერსპექტივაში. სასამართლო კლანის შესახებ, მინდამ გითხრათ, იყვნენ ძალიან კარგად ინფორმირებულები, სწორედაც იმ არაფორმალური გავლენების შესახებ ჩვენ დამატებითი მაგალითებიც მივაწოდეთ. გვქონდა საკმაოდ გახსნილი და ღია საუბარი ამ საკითხთან მიმართებითაც. შევთავაზეთ, რომ გამოსავალი არის ძალაუფლების გადანაწილებაში, როდესაც ერთპიროვნულად უმრავლესობა მართავს სიტუაციას, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ხელშია სასამართლოც. ძალიან კარგად ხედავენ თვითონაც, რომ არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფი, ფაქტობრივად დღეს გარიგებაშია ხელისუფლებასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას აწყობს. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე იყო საუბარი, ასევე იმაზე, რომ აუცილებელია, ძალაუფლება არ იყოს ერთის ხელში, რადგან სასამართლო არ არის უბრალოდ უმრავლესობის, სასამართლო არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის. ჩვენს სტუმრებს კარგად ესმით ის კონტექსტი, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვისაც არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობა, ეს პრობლემები კვლავაც იქნება, თუ ძალაუფლების გადანაწილება არ მოხდება და მეტი გაზიარება არ მოხდება ძალაუფლების“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.