ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი, თუმცა თავად პარტიულ საქმიანობას არ აპირებს
ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი, თუმცა თავად პარტიულ საქმიანობას არ აპირებს

გამორიცხული არ არის, სამოქალაქო მოძრაობა რაიმე პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნას, შესაძლებელია, მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა მიიღოს გადაწყვეტილება და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი, გარკვეული პარტიის ფორმაც მიიღოს იმ ყველაფერმა, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

თუმცა, სიმონიშვილის თქმით, თავად არავითარ პარტიულ საქმიანობას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პარტიული საქმიანობა დამაბრალა რამდენიმე პოლიტიკოსმა მხოლოდ იმის გამო, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები საჯაროდ განვაცხადე აქციაზე, მე პირადად, შემიძლია, გითხრათ, რომ არავითარ პარტიულ საქმიანობას არ ვაპირებ და არც მინდა, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, რამენაირად დაკავშირებული იყოს პარტიულ საქმიანობასთან. ეს არის წმინდად სამოქალაქო პროტესტი და მე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის ვიღებ ამ პროტესტში მონაწილეობას, თუმცა რაც შეეხება იმას, რომ ეს მოძრაობა შეიძლება, გარდაიქმნას რაიმე პოლიტიკურ ძალად, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის და შესაძლებელია სწორედაც რომ მომავალში, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც, ამ სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა მიიღოს გადაწყვეტილება და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი, გარკვეული პარტიის ფორმაც მიიღოს იმ ყველაფერმა, თუმცა პირადად, ჩემის მხრივ შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას მე არ ვაპირებ, არ ვგეგმავ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.

„შესაძლებელია, ერთ დროს მათ ჩათვალონ, რომ ასეა საჭირო და მათ ეს ნაბიჯი გადადგან, თუმცა სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.