ნიკა სიმონიშვილი - შსს ვალდებულია, გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რათა ნებისმიერი პირის გადაადგილების უფლება უზრუნველყოფილი იყოს
ნიკა სიმონიშვილი - შსს ვალდებულია, გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რათა ნებისმიერი პირის გადაადგილების უფლება უზრუნველყოფილი იყოს

ცხადია, შსს-მ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი პირის უსაფრთხოება, ვალდებულება აქვს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი პირის გადაადგილება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით სიმონიშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ შენობა, ვიდრე შსს-სგან არ მიიღებდა გარანტიას ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესახებ.

ამასთან, მისი თქმით, „გაუჭირდება კონკრეტული საკითხების შეფასება, რა კომუნიკაცია იყო ევროკავშირის საელჩოსა და შსს-ს შორის“.

„ფაქტის პოლიტიკურ ნაწილს არ შევეხები. რაც შეეხება იმ ნაწილს, რაც ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ცუდია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ასეთი დაძაბულობის ფონზე და რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი წინასაარჩევნო გარემოსთვის, როდესაც ვხედავთ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დუღილის ტემპერატურამ დაიკლოს და არ მიმდინარეობდეს მსგავსი დაპირისპირებების ფონზე. მეორე საკითხია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, ამ საკითხებს მე დეტალურად არ ვიცნობ და გამიჭირდება შინაარსში შესვლა, თუმცა ცხადია, შსს-მ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი პირის უსაფრთხოება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკოსი იქნება, ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სხვა ნებისმიერი პირი. ვალდებულება აქვს შსს-ს, გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რათა ნებისმიერი პირის გადაადგილების უფლება უზრუნველყოფილი იყოს, შესაბამისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება იყოს უზრუნველყოფილი და არ აქვს მნიშვნელობა, ვისზეა საუბარი. ნებისმიერი ჩვენგანი, როდესაც ვმოძრაობთ ქალაქში, ასევე უსაფრთხოების ვალდებულება აქვს შსს-ს ისევე, როგორც გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა უზრუნველეყო. თუმცა, მე გამიჭირდება კონკრეტულ საკითხებში შეფასება, რა კომუნიკაცია იყო ევროკავშირის საელჩოსა და შსს-ს შორის“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ ოფისი. მისივე თქმით, კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება.

„სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი, რადგან იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები. გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო შენობის უსაფრთხოდ დატოვება. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა. ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ დავტოვებდით შენობას უსაფრთხოდ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი