ბადრი ჯაფარიძე - კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი, კავშირზე იყო შსს-სთან, შსს-მ ევროკავშირის ელჩს ვერ მისცა გარანტია, რომ შენობას უსაფრთხოდ დავტოვებდით
ბადრი ჯაფარიძე - კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი, კავშირზე იყო შსს-სთან, შსს-მ ევროკავშირის ელჩს ვერ მისცა გარანტია, რომ შენობას უსაფრთხოდ დავტოვებდით

კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი, კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, შსს-მ კარლ ჰარცელს, თხოვნის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შენობის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ვერ მისცა, რაც ინსტიტუციის ჩამოშლაზე მიუთითებს.

„სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი იმიტომ, რომ იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები და გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან იმისათვის, რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი უსაფრთხო დატოვება შენობის. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა და მერე ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ დავტოვებდით შენობას უსაფრთხოდ, ეს არის წარმოუდგენელი რამ, ფაქტობრივად, ინსტიტუცია არის ჩამოშლილი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, იგივე მეთოდებს იყენებს, რაც წარსული არჩევნების დროს იყო.

„საუბრობს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან სხვა პოლიტიკური პარტიები დაკავშირებული, რაც არის ტყუილი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ჩვენ ასე ვიმოქმედებთ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. მოსწონს ეს, თუ არ მოსწონს ვინმეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.