50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის წესისა და შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობს
50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის წესისა და შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობს

სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, სამოქალქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა.

„სამოქალაქო სექტორის ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, მიმართული არის იქეთკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეალურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. ჩვენ ერთხელ ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობთ იმავე გზას, იმავე პროცესს, რომელმაც ჩვენ ხუთი წლის წინ მიგვიყვანა კარგ შედეგამდე. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის რაღაცა ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც ჩვენ პარტიებს კვლავაც ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შეთავაზებაც არის მიმართული სწორედაც იქითკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის შერჩევა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.