ნიკა სიმონიშვილი - კახა კუჭავა კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა,  საია-მ შესაბამისი საჩივარი გადააგზავნა საოლქო კომისიაში
ნიკა სიმონიშვილი - კახა კუჭავა კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა, საია-მ შესაბამისი საჩივარი გადააგზავნა საოლქო კომისიაში

კახა კუჭავა კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა, ეს არის დარღვევა და საია-მ საჩივარი გადააგზავნა შესაბამის საოლქო კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნის შიგნით ყოველგვარი კამპანია აკრძალულია.

„პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა როგორც მედიით გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ეს ბუნებრივია არის დარღვევა, ვინაიდან საარჩევნო უბნის შიგნით აკრძალულია ყოველგვარი კამპანია. შესაბამისად, საია-მ დაწერა უკვე საჩივარი და გადააგზავნა ელექტრონული რეესტრის საშუალებით შესაბამის საოლქო კომისიაში“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

ამასთან, თემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა „სამართლიან არჩევნებში“. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, საარჩევნო უბნის შიგნით კამპანია აკრძალულია.

„ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც კანდიდატები ასე მიდიან. ეს ნიშნავს, რომ არის აგიტაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას, არ გამოიყენოს თავისი სიმბოლიკა, როდესაც ისინი შედიან უბნებზე. როგორც იცით, აგიტაცია აკრძალულია, არ შეიძლება ეს ტენდენცია რომ ვნახოთ. სამწუხაროდ, დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი აგიტაციაა და იმედია, ასე არ გაგრძელდება. სხვაგან ასეთი ფაქტი არ გვინახავს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.