ნიკა სანდოხაძე - საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატებში ძალიან დიდი განსხვავებაა
2018 წელს ლვოვის ”კარპატმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა და 23 წლის ქართველ ფეხბურთელთან, ნიკა სანდოხაძესთან კონტრაქტი გააფორმა. “სამტრედიას” ყოფილი მცველი ლვოველთა ფორმით 2,5-წელიწადი ითამაშებს.
”ლვოვის “კარპატი” ჩემს კარიერაში პირველი უცხოური კლუბია და აქედან გამომდინარე, ახალი გამოწვევაა. მიხარია, რომ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვანი კლუბში ჩავირიცხე. ლვოველებს ჩემი ყოფილი გუნდი ”სამტრედია” გასულ ზამთარში თურქულ შეკრებაზე შეხვდა – ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ ლვოველები ფიზიკურ მომზადებაში ჩვენზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ. ბოლო დროს, უკრაინულ არხებს ხშირად ვუყურებდი, რადგან “კარპატთან” მოლაპარაკება ზაფხულში დაიწყო და გუნდი და ჩემპიონატი მაინტერესებდა” – ამბობს “კარპატის” ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში სანდოხაძე.
მას საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატების შედარება სთხოვეს.
„განსხვავებები ძალიან დიდია – აქ ინფრასტრუქტურა ბევრად განვითარებულია. საქართველოში მხოლოდ ოთხი ბუნებრივი მოედანია, ყველა დანარჩენი – სინთეტიკაა. მეორე, ფინანსური შესაძლებლობები და მაღალი დასწრებაა. ყველა ეს მაჩვენებელი ქმნის ჩაკეტილ წრეს, რადგან მოთამაშეს სჭირდება მაყურებელი, ინფრასტრუქტურა, ფინანსები, სწორი აღდგენა, კვება. ეს სია უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო“, – განაცხადა სანდოხაძემ.