ნიკა რაჭველი - პრემიერ-მინისტრმა ზუსტად გაიზიარა ჩემი ხედვა ჩვენს ქალაქში ნამდვილი ფილარმონიული ცხოვრების აღდგენის შესახებ
ნიკა რაჭველი - პრემიერ-მინისტრმა ზუსტად გაიზიარა ჩემი ხედვა ჩვენს ქალაქში ნამდვილი ფილარმონიული ცხოვრების აღდგენის შესახებ

სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემის მოთხოვნის საკითხზე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს.

როგორც ნიკა რაჭველი წერს, როდესაც არსებობს სახელმწიფო ფილარმონია, რომელიც წელიწადში თითქმის 300 დღე რომ დაკეტილია, რომელსაც სჭირდება კონცერტები და არსებობს აგრეთვე სახელმწიფო ორკესტრი, რომელსაც სჭირდება დარბაზი, რატომ უნდა დაიხარჯოს ცხრა ან თხუთმეტი მილიონი ლარი ახალი და უხარისხო საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად.

„ამ იდეისგან ფილარმონიის მმართველებმა თავი შეიკავეს, მიხეილ გიორგაძემ ამ იდეის დავიწყება მთხოვა და კვლავ მოთმინებით დალოდების რეჟიმში გადავინაცვლეთ, რადგან ვიცოდით, რომ სახელმწიფო ოდესღაც მიიღებდა ღირსეულ და სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას. ბოლო პერიოდში კი, როდესაც ქვეყნის მართვას ახალი სამთავრობო გუნდი შეუდგა ცხადია, კვლავ შევახსენე ჩვენი სატკივარი. დარბაზის აშენებას და უკვე აშენებული ფილარმონიაში ჩვენს მოღვაწეობას შორის არჩევანის გაკეთება ვთხოვე. პრემიერ-მინისტრმა, რომელთანაც მართლა შთამბეჭდავი შეხვედრა მქონდა, ზუსტად გაიზიარა ჩემი ხედვა ჩვენს ქალაქში ნამდვილი ფილარმონიული ცხოვრების აღდგენის შესახებ. ფილარმონია ფილარმონიულ ორკესტრს – ეს სლოგანი ჩვენმა მსმენელებმა მოიფიქრეს და ამის უკან არა მხოლოდ ერთი მიმდინარეობის მუსიკაა, ეს სიტყვები გულისხმობს სიცოცხლეს, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მუსიკას და მუსიკოსებს საქართველოში. ვერავინ ვერსად და ვერასდროს გაუგებს არტისტეზე მეტად არტისტებს“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

როგორც ორკესტრის ხელმღვანელი აცხადებს, ყველაფერს მუსიკით მიაღწია და არასდროს ჰქონია საშუალება, რომ მისთვის ორკესტრი და დარბაზი ვინმე მემკვიდრეობით დაეტოვებინა.

„მე საბედნიეროდ არ ვარ არც ჯანსუღ კახიძის შვილი, არც გაიოზ კანდელაკი არის ჩემი მამა, არც საბჭოთა კავშირი ცეკას ჩინოსანი იყო ჩემი წინაპარი, ჩემი მშობლები უბრალო, შეჭირვებული მაგრამ ღირსეული მოქალაქეები იყვნენ, არასდროს ქონდათ პრეტენზია, რომ ცნობილი გავმხდარიყავი და არც იმის საშუალება გააჩნდათ მემკვიდრეობით დაეტოვებინათ ჩემთვის ორკესტრი და დარბაზი. აქამდე ყველაფერს მუსიკის დიდი წყალობით მივაღწიე, რომ არა ჩემი ძვირფასი ხალხის, ორკესტრის და ჩემი მსოფლიოში წარმატებული ყველა თაობის კოლეგების გამუდმებული გვერდში დგომა, ალბათ გამიჭირდებოდა გავმკლავებოდი სწორედ ასეთი განებივრებული შვილების წინაღობებს. სინამდვილეში ეს არც მათი ბრალია, სინამდვილეში ჩვენ ახლა ვსწავლობთ სამოქალაქო ცხოვრებას, რადგან მახინჯმა საბჭოეთმა დაგვავიწყა, რომ სინამდვილეში ქვეყანა არა მხოლოდ ერთეულების, არამედ თითოეული ჩვენგანის ასაშენებელი და დასაცავია. აი, ჩემი გულიდან ამოსული თხოვნა: მომეცით საშუალება ფრთაგაშლილმა მივიღო მონაწილეობა ამ მშენებლობაში, ოღონდ თქვენთვის და თქვენთან ერთად“, – წერს რაჭველი.

ნიკა რაჭველმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრს უნდა გადაეცეს. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.

ნიკა რაჭველის მოთხოვნას კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეროვნული სიმფონიურ ორკესტრს ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად გამოეყო 250000 ლარზე მეტი და უკვე მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა ახალი პროექტის შექმნა. მიხეილ გიორგაძემ არ გამორიცხა, რომ ნიკა რაჭველის დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის საკითხი დაისვას.