ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონია სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს გადაეცეს
ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონია სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს გადაეცეს

სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს.

როგორც ნიკა რაჭველმა განაცხადა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.

„ჩვენ დარბაზის საკითხზე ყველა დროის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ყველა დროის კულტურის მინისტრებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი სიმფონიური და მრავალფუნქციური დარბაზის აშენება საკმაოდ ძვირია. ყველაზე მცირე რაც აშენდა ბოლო პერიოდში დაჯდა 40-დან 60 მილიონ ევრომდე. ლარებში წარმოუდგენლად დიდი თანხაა და მივიჩნიეთ, რომ ახალი დარბაზის აშენება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება. დღეს, როდესაც არსებობს ჩვენი ორკესტრისთვის აშენებული დარბაზი, სადაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო ბევრი მიმართულებით, მე მგონი გაცილებით სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში“, – განაცხადა ნიკა რაჭველმა.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ მიღებული შეთავაზება, რომ ყოფილი მუსკომედიის შენობა რეაბილიტაციის შემდეგ გადასცემოდა ორკესტრს, არ შედგა, რადგან შენობა, როგორც რაჭველი განმარტავს, სამხარაულის დასკვნის მიხედვით არის ავარიული და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას.

ნიკა რაჭველს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ფილარმონიის შენობა სახელმწიფო კოლექტივმა, იმ გუნდმა უნდა მართოს, რომელსაც ყველა ჟანრისა და მიმართულების გამოცდილება აქვს.

„თუ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვმართოთ დარბაზი, ეს იქნება ახალი სიცოცხლე არა მხოლოდ ორკესტრისთვის და იმ მუსიკოსებისთვის, რომელსაც ამ სცენაზე მოვიწვევთ. არამედ თავად საზოგადოებისთვისაც.

მართვის ჩვენი კონცეფცია არის ძალზედ სახელმწიფოებრივი, თავად ფილარმონია უნდა გახდეს სივრცე, რომელიც თავად შეადგენს წლის შემოქმედებით კალენდარს, ნებისმიერი მუსიკის მხრივ. ხშირად დარბაზი იქნება ინიციატორი, რომ მუსიკოსებმა გამართონ კონცერტი. ეს კალენდარი სააბონენტო სერიით წლის დასაწყისშივე იქნება წარდგენილი საზოგადოებისთვის. ფასიც იქნება ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა, დაესწროს შემოქმედებით საღამოებს და ბუნებრივია, დარჩება საიჯარო ცხოვრებაც თავისუფალ დღეებშიც. თუმცა გაცილებით ლიბერალური იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოუნდება, წარადგინოს თავისი შემოქმედება. გვაქვს ძალიან საინტერესო ფესტივალების გეგმები“, – განაცხადა ნიკა რაჭველმა.