ნია გიუაშვილი - გარემოს გაჯანსაღებით ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხარისხი 20-25%-ზე მეტი შეიძლება იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დასაბუთებულია, რომ დაბინძურებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებთან პირდაპირ კავშირშია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველმა ნია გიუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ურბანული მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ დღეს მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისეთ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს აჭარბებს“, – განაცხადა გიუაშვილმა.
თემაზე, თუ როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად და რა უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდეს, ნია გიუაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ქვეყანა მუდმივად ზრუნავდეს ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე. საქართველომ კი, ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან, რომლებმაც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეძლეს, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების, მწვანე ეკონომიკის, მწვანე ენერგეტიკისა და სწორი ქალაქგეგმარების გამოყენებით.
როგორც ნია გიუაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისები, მათზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი როგორც უნდა გაუმჯობესდეს, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხარისხი 10-12%-ს არ გადააჭარბებს, ხოლო გარემოს გაჯანსაღების მეშვეობით შესაძლებელია, ჯანმრთელობისათვის ეფექტი 20-25%-ზე მეტი იყოს.
„ეს არის გზავნილი, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს უგზავნის, რომ მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ასეთი ინვესტიცია მათ შორის, ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, რადგან ჯანმრთელობა ეკონომიკური კატეგორიაა“, – განაცხადა ნია გიუაშვილმა.