კახა კალაძე - სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება
კახა კალაძე - სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილია კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შედეგად ქალაქი საცობებისგან მაქსიმალურად განიტვირთება და ჰაერის დაბინძურების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისთვის. ტრანსპორტო არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს ადამიანებს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და ტრანსპორტს ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი აქვს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შედეგად შევძლებთ ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირებას. ჩვენი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებაა.

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთ-ერთი პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც პრემიერ-მინისტრი ახალ მთავრობასთან ერთად აკეთებს, რომლის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, რადგან შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, რომ არა პრემიერისა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რომ არა პარლამენტის თანადგომა, რადგან გარკვეულწილად მოგვიწევს საკანონმდებლო ცვლილებები. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის დროიდან გვიცხადებდა მაქსიმალურ მხარდაჭერას, რომ განხორციელებულიყო ის პროექტები და რეფორმები, რომელიც დავაანონსეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი