აუდიტის სამსახური - საქართველოში ჰაერის ხარისხი არ აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში
აუდიტის სამსახური - საქართველოში ჰაერის ხარისხი არ აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი ჩაატარეს.

მათივე ცნობით, აუდიტის სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და შეესაბამებოდა თუ არა ეს ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.

ანგარიში ეფუძნება საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.

ერთობლივი აუდიტის მიგნებებზე დაყრდნობით, გაიცა რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის, აქტივობების ეფექტიანობის პერიოდულ მონიტორინგს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვა ღონისძიებებს.