„ჯივიპის“ ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი - აუდიტის შედეგების თანახმად, საოპერაციო მიმართულებით არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიის ოპერატიულობას
„ჯივიპის“ ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი - აუდიტის შედეგების თანახმად, საოპერაციო მიმართულებით არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიის ოპერატიულობას

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ, Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების აუდიტი დაასრულა, რომლის შედეგებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ „ჯივიპის“ ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა, ზურა ალფაიძემ და აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ ისაუბრეს.

როგორც „ჯივიპის“ ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა, ზურა ალფაიძემ განაცხადა, აუდიტის შედეგების თანახმად, საოპერაციო მიმართულებით არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიის ოპერატიულობას.

სისტემური აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას.

„წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა ქსელზე დაზიანებების გამომწვევი მთავარი პრობლემები და კრიტიკული მონაკვეთები. „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით“, – განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%; 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია – 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება; თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს, მინიმუმ, 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია); მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართობას.

აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.

გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახური ავრცელებს.