ნესტან ლონდარიძე - მიხეილ კალანდიას დაკავება სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება იყო
ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას დაკავება სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება იყო.
ნესტან ლონდარიძის თქმით, პროკურატურას კალანდიასთვის ბრალი აქვს დასამტკიცებელი, ასევე საჭიროა საქმეში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.
„ძალიან მნიშვნელოვანია გუშინდელი სასამართლო გადაწყვეტილება. ეს განაჩენი გახლავთ ის, რომელმაც პირდაპირ მიუთითა პროკურატურას, რომ საქმე იყო გამოუძიებელი და არ იყვნენ გამოკვეთილი დამნაშავე პირები. მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლოს მიმდინარეობას თვალყურს ვადევნებდით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურა ცდილობდა, დაეცვა თავისი პირვანდელი ბრალდება, პოზიცია გაეტარებინა და სასამართლოს მიეღო მათთვის სასარგებლო განაჩენი“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
მისივე განცხადებით, გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობისკენ.
„დარწმუნებული ვარ, თუ სასამართლო მოექცეოდა პროკურატურის გავლენის ქვეშ, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ის სურათი, რაც გვაქვს. გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობისკენ. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს მხოლოდ ამ საქმით არ შემოიფარგლება და სასამართლო ყოველთვის იდგება თავის სიმაღლეზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა.
ნესტან ლონდარიძის თქმით, საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმეში, რადგან საზოგადოებას დაანახა თითოეული დარღვევა და ის საგამოძიებო ქმედება, რომელიც არ იყო დროულად ჩატარებული ან დარღვევით ჩატარდა.
„თუ პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები დაუშვებენ გარკვეულ შეცდომებს, მივიღებთ სურათს, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და პროკურატურას შეუძლია, მიუთითოს ამ დარღვევებზე. ზაზა სარალიძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა და არა ერთხელ ამბობდა, რომ მიხეილ კალანდია იყო სავარაუდო მონაწილე მისი შვილის მკვლელობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობაზე, არაერთი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ რატომღაც პროკურატურამ ბოლო დღემდე არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები. იყო საგამოძიებო კომისიის, სახალხო დამცველის რეკომენდაციები, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, მაგრამ პროკურატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც ვთვლი, რომ არასწორი ნაბიჯია მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები და გვაძლევს საფუძველს, რომ ეს ქმედება იქამდე განეხორციელებინა. არ უნდა ხდებოდეს საქმის აქამდე მიყვანა და შემდგომ გარკვეული ქმედებების განხორციელება. ვერ ჩავთვლით, რომ ეს საქმე დასრულდა, ვინაიდან წინ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი. თვალყური უნდა მივადევნოთ. როგორ განვითარდება მიხეილ კალანდიას ირგვლივ მოვლენები და სასამართლო რას იტყვის უშუალოდ მის მონაწილეობაზე საქმეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს სხვა პირთა მონაწილეობა საქმეში“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.
ავტორი -
გიორგი იდუკაშვილი