სააპელაციო სასამართლო - დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად
სააპელაციო სასამართლო - დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად,  – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ გააკეთა.

„2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის პირველ დეკემბერს ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს მკვლელობის მცდელობისთვის.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ იქნა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ს მკვლელობა ჩაიდინეს გ.ჯ.-მ და გ.ბ.-მ ჯგუფურად, თუმცა გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ.ჯ.-ს მიერ დ.ს.-ს მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში და დაადგინა: 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და სამი თვის ვადით.

რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და სამი თვის ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.