NDI-ს ორგანიზებით, ოპოზიციონერ დეპუტატებთან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
NDI-ს ორგანიზებით, ოპოზიციონერ დეპუტატებთან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ გამგეობის წევრმა კახა არცივაძემ აღნიშნა, რომ ტყის პრობლემა, წყლის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნადირობის, თევზჭერის საკითხები ძალიან მწვავედ დგას დღეს საქართველოში და სასურველია, რომ კანონმდებლებმა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ისინი.

„აუცილებელია ახალი ტყის კოდექსის მიღება. საქართველოს ტერიტორიის თითქის 40% ტყეებით არის დაფარული. ურთულესი მდგომარეობაა ამ მხრივ, მიმდინარეობს ძალიან სერიოზული დესტრუქციული პროცესები, ზიანდება ტყე, ძალიან მაღალია უკანონო ჭრის მაჩვენებელი და სასურველია რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. არსებობს სამუშაო ვერსია კანონპროექტის და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევიდეს პარლამენტში განხილვაზე და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი განხილვა.

ტყის კოდექსი წარმოადგენს იმ გამონაკლის რომელშიც ძალიან ფართო წრე ადამიანების იყო ჩართული. რამდენიმე ასეული ექსპერტი მუშაობდა. სამი წელი მიმდინარეობდა კანონოპროექტის მომზადება, განხილვა, შესწორებების შეტანა. ახლაც შეიძლება შენიშვნები არსებობდეს, მაგრამ საჭიროა ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ახალი ტყის კოდექსის მიღება“, – განაცხადა​ სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ გამგეობის წევრმა კახა არცივაძე.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილის თინათინ ბოკუჩავას განმარტებით, შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს კომიტეტში დააყენებს.

„გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული, არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც, მაგრამ სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ეს საკანონმდებლო ინიციატივები ვერ ნახულობს დღის სინათლეს და არ ხდება მათი მიღება პარლამენტში. მე, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხებს კომიტეტში“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.