NBC - ყოფილი რუსი მზვერავი ამბობს, რომ მისი და სკრიპალის მკვლელობა ერთდროულად დაიგეგმა
რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ყოფილმა თანამშრომელმა, 59 წლის ბორის კარპიჩკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ მისი და სერგეი სკრიპალის მოწამვლა ერთდროულად დაიგეგმა.
კარპიჩკოვმა, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის საიდუმლო ინფორმაციას დასავლეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა, თავშესაფარი 2006 წელს ახალ ზელანდიაში მიიღო. იგი რამდენიმე წლის წინ ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეირყა, თმები კი დასცვივდა.
NBC-ისთან ინტერვიუში ბორის კარპიჩკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 12 თებერვალს მას რუსეთიდან მეგობარმა დაურეკა, რომელმაც აცნობა, რომ კრემლი ყოფილი მზვერავებისა და ორმაგი აგენტების ლიკვიდაციას გეგმავს. მეგობრის სახელს კარპიჩკოვი არ ასაჯაროებს.
„თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო. არ მეგონა, რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩვენზე ნადირობა ისევ გამოცხადდებოდა“, – აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.
სერგეი კარპიჩკოვს აცნობეს, რომ სიაში პირველები თავად და სერგეი სკრიპალი იყვნენ. მისი თქმით, 4 მარტამდე მას ეს ინფორმაცია ბოლომდე არ სჯეროდა.
4 მარტს ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი მზვერავი და ორმაჯი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მის ქალშვილთან ერთად მოწამლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივეს წინააღმდეგ ქიმიური იარაღი – ე.წ. ნერვული გაზი გამოიყენეს. გამოძიების თანახმად, კვალი კრემლამდე მიდის. სკრიპალის მოწამვლას და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენეს დასავლურმა ქვეყნებმა მკაცრი ზომებით უპასუხეს. ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 30-მდე სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.