ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შარშან თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, საკუთარ მრჩევლებთან ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის საკითხს განიხილავდა. ინფორმაციას ამერიკული მედია NBC ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, იმდროინდელ სახელმწიფო მდივანთან, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ავტორიტარული რეჟიმი რეგიონს საფრთხეს უქმნის, რის გამოც სამხედრო ინტერვენციაა საჭირო.
უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის იმდროინდელმა მრჩეველმა, მაკმასტერმა დონალდ ტრამპის იდეა სამხედრო ინტერვენციის შესახებ სახიფათოდ შეაფასა. მაკმასტერის პოზიციას იზიარებდა მაშინდელი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
NBC-ის ინფორმაციით, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის საკითხს ავტორიტარული რეჟიმის დამხობისა და დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების მიზნით, დონალდ ტრამპი ახლაც ემხრობა. მას აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის წარმატებულ მაგალითად პანამა მოჰყავს, თუმცა ტრამპს განსხვავებული აზრი აქვს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში, დონალდ ტრამპი ერაყში ინტერვენციას ვაშინგტონის მხრიდან დაშვებულ საბედისწერო შეცდომად აფასებდა.