ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ქვემო ქართლში თვითმმართველობის, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიება ნატო-ს დღეების ფარგლებში, მარნეულის მერიაში გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე არსებულ პროგრესზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი.
წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.
ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1-ელ მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატო-ს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.