ნათია თურნავა - რუსული ემბარგოს შემთხვევაში, მთლიანი ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა
რუსეთის მიერ სრულყოფილი ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
„რომ დაწესებულიყო ემბარგო, რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზიანი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს. ეს არის პირველ რიგში 750 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი ტურისტებისგან, რაც უნდა მიგვეღო წლის ბოლომდე. ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც შარშან შემოვიდა და დაახლოებით იგივე დონეს ველოდებით წელს. ასევე, ჩვენი ექსპორტი ღვინის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და მინერალური წყლების, რომელიც წლიურად აღემატება 300 მილიონ დოლარს”, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, აჭარაში ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა.
„ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ვისურვებდით, რომ უფრო მეტად ყოფილიყო დატვირთული ჩვენი კურორტები”, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს უპასუხისმგებლო განცხადებები და აგრესიული რიტორიკა.
„ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულად დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსულ ტურისტზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს და დღეს სწორედ ამ პრობლებას ვხედავთ”, – დასძინა ნათია თურნავამ.