პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს - „არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“
პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს - „არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„რაც შეეხება საქართველოს მიმართ სანქციებს, მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემით. ვიღაც ერთი გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, საკუთარი თავი რაღაცად წარმოადგინა, მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი, ყველა ლაპარაკობს. ამ მხრივ, მან თავისას მიაღწია. შეუწყვიტეს უფლებამოსილება ორი თვით, ის გაემგზავრა დასასვენებლად, შემდეგ დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამას აპროტესტებენ. სწორედ ამ ადამიანების გამო, რუსეთსა და საქარველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის მე არ მოვიმოქმედებდი ისეთ რამეს, რაც ჩვენს ურთიერთობებს გაართულებდა“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს „დიდი პატივი“ იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზარალს აყენებენ.