მუხაძის საქმე – უზენაესი სასამართლოს განაჩენი

21:23, 21.11.2026

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ სტრასბურგის მიერ არაერთგზის დადასტურებულ სისტემურ დანაშაულებსაც კი ემიჯნება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზეც ნათელი გახდა. საჯარო განხილვებზე ცდილობენ, უარყონ იმ მძიმე ფაქტებთან კავშირი, რომლებიც პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს. სწორედ ეს საქმეები, მოწმეთა ჩვენებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სასარჩელო მოთხოვნას ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დაურთო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს დღეს უჭირთ გაიხსენონ, ვინ იყო ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, რომლის სახელსაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის არაერთი ეპიზოდი უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა აყურებინეს და დაემუქრნენ, თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ამავდროულად, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე სასჯელი დაუმძიმა და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი