იმედი ნანგრევებში – გმირი მაშველები
19 ნოემბერს დაწყებული მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან გადარჩენილები გამოიყვანეს და ექვსი გარდაცვლილის, მათ შორის ორი მცირეწლოვნის ცხედარი ამოასვენეს. ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნასა და ევაკუაციას უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა აფეთქებიდან რვა საათის შემდეგ სამი წლის გოგონას გადარჩენა, ეს უდიდესი გამარჯვება იყო მაშველებისთვის, რომელთაც საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევთ. რთულ ვითარებაზე სწრაფი რეაგირება, სამაშველო ოპერაციები, პირველადი დახმარება და უსაფრთხოება ხომ მათი ყოველდღიურობაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – ლევან მუსელიანი, მეხანძრე მაშველები – ბექა დაუდაშვილი და შალვა გათენაშვილი – დღეს გიამბობთ ადამიანებზე, რომლებმაც ფონიჭალის ტრაგედია ყველაზე ახლოს ნახეს, მაშველებზე, რომლებმაც გადარჩენილი სიცოცხლე ნანგრევებიდან ამოიყვანეს.