ტრაგედია ფონიჭალაში – ვითარება შემთხვევის ადგილზე
ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში დაღუპულებს გლოვობენ, ტრაგედიიდან მესამე დღესაც არ ქრება სანთლები და არ წყდება ადამიანების ნაკადი, რომლებსაც სამძიმრის გამოხატვა სურთ. გარდაცვლილთა კლასელებს, მეგობრებს, მეზობლებსა და უცნობებს მიაქვთ ყვავილები, სათამაშოები და მოგონებებად ქცეულ ამბებს დაღუპულებზე ერთმანეთს უზიარებენ.
გადარჩენილები ნანგრევებს ყოველდღიურად აკითხავენ, აგროვებენ საჭირო ნივთებს, ცნობებს და ემოციებს, ყველაფერს, რაც ტრაგედიამ არ შეიწირა. ტერიტორიას კი შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს აფეთქებიდან 8 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონა, კლინიკაში რჩება 11 წლის მოზარდიც. კვლავ მძიმეა იმ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. საქართველო სამძიმრის წერილებს იღებს. მთავრობის განკარგულებით კი 22 ნოემბერი ჩვენს ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.