ლევან დავითაშვილი - ტრადიციული ბაზრები მნიშვნელოვანია და გარკვეული ოპონენტების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად, რისკის ქვეშ დავაყენეთ მოსახლეობის კეთილდღეობა
ლევან დავითაშვილი - ტრადიციული ბაზრები მნიშვნელოვანია და გარკვეული ოპონენტების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად, რისკის ქვეშ დავაყენეთ მოსახლეობის კეთილდღეობა

ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრადიციული ბაზრები და სამწუხაროდ გარკვეული ოპონენტების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად რისკის ქვეშ დავაყენეთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი კონკრეტული საჭიროებები, კონკრეტული ამოცანები და გვქონდა ძალიან დიდი რისკი ემბარგოსი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციას განვიხილავთ როგორც მთავარ პრიორიტეტს და შესაბამისად, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაც ზუსტად იმ ჭრილში განიხილება, ანუ ის პრიორიტეტული კულტურები იწარმოება სოფლის მეურნეობაში, ან ხელშეწყობილია სახელმწიფოს მიერ, რომელსაც განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი ან იგივე სამხრეთ აზიის ქვეყნები. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრადიციული ბაზრები და სამწუხაროდ გარკვეული ოპონენტების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენეთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი კონკრეტული საჭიროებები, კონკრეტული ამოცანები და იგივე ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი რისკი ემბარგოსი. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებსა და პროგრესს მივაღწიეთ დივერსიფიკაციის მიმართულებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება“,- განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილმა რამდენიმე ტიპის პროდუქტი გამოყო, რა კუთხითაც შეიძლება რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყოს ან არ იყოს.

„არის პროდუქტები, რომელიც მთლიანად ევროკავშირში ან სხვა ქვეყნებში გადის, მაგრამ ღვინო და ისეთი პროდუქტები, რომელსაც ტრადიციულად ცნობადობა გააჩნია, ასევე ძალიან მალფუჭებადი პროდუქტები, რომელიც გეოგრაფიულად ტრანსპორტირების კუთხით არის შეზღუდული, აქ ცალსახაა, რომ ტრადიციული ბაზრების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ სრულად გამოვრიცხოთ ტრადიციული ბაზრები, წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამ ერთ საკითხს, რომ როდესაც ოპონენტები ცდილობენ, ბაზრების შენარჩუნება ან სავაჭრო ურთიერთობები არიონ ტერიტორიული მთლიანობის თუ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და სტრატეგიული საკითხების ჭრილში, ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან ჩვენ პრაგმატულად გავმიჯნეთ. განვიხილავთ, რომ სავაჭრო ურთიერთობები ცალსახად მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არასოდეს არ განვიხილავთ იმ კომპრომისებს რაც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, არატრადიციულ ბაზრების ხელისშემშლელი არაფერია.

„ხელისშემშლელი არაფერი არ არის. არის გარკვეული მოცემულობები, რომელიც უნდა განვიხილოთ და გავითვალისწინოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად ღვინოზე, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობა. აქ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით 2012 წლამდე ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი იყო მილიონი ლარის ფარგლებში, რომელიც ათვისებულიც არ იყო და ჩვენ ცხრა მილიონ ლარამდე გავზარდეთ დაფინანსება იმისთვის, რომ მისი ცნობადობა შევქმნათ ახალ ბაზრებზე. ეს ცნობადობა არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ იმ ბაზრებზე დავიმკვიდროთ ადგილი და კონკრეტული პოზიციები მოვიპივოთ, მაგრამ ეს არის დროში საკმაოდ გრძელი პროცესი, ამავე დროს პროგრესი მინდა აღვნიშნო. ჩვენ დაახლოებით 100%-ით გვაქვს გაზრდილი გაყიდვები რუსეთის მიღმა, ანუ ახალ ბაზრებზე და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაიზრდება და საკმაოდ სწრაფი ტემპებით. ქართული ღვინო და ქართული პროდუქცია პოპულარობას ბოლო წლებში განსაკუთრებულად იხვეჭს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ასე რომ, არის ერთი ცნობადობის საკითხები, არსებობს გეოგრაფიული და ტერიტორიული საკითხები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული მალფუჭებადი პროდუქტები გარკვეულ გეოგრაფიულ შეზღუდვებს თავის თავში მოიცავს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.