ივანე მაჭავარიანი - საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი ტურისტი რუსეთიდან დასავლურ არჩევანზე უარს გვათქმევინებს, სულ მცირე, სიბეცეა ან მავნებლობა
ივანე მაჭავარიანი - საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი ტურისტი რუსეთიდან დასავლურ არჩევანზე უარს გვათქმევინებს, სულ მცირე, სიბეცეა ან მავნებლობა

ყველა ის საუბარი, რომ მეტი  გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი რუსეთიდან, ადრე თუ გვიან, უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე, არის სიბეცე როგორც მინიმუმ, ან არის მავნებლობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ურთიერთობის დალაგება  არ ნიშნავს, რომ საქართველოს  პრეტენზიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით რამენაირად შერბილდება.

„სამწუხაროდ, არც იმას ნიშნავს, რომ რუსები უარს იტყვიან ამ ტერიტორიების აღიარებაზე. მაშინ რას ნიშნავდა ურთიერთობების დალაგების მცდელობა, როცა ამას „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა მოსახლეობას – ეს ნიშნავდა ბიზეს, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობების მაქსიმალურად გამიჯვნას პოლიტიკისგან“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში,  დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებაში წინსვლა და მისწრაფება ვერ შეანელა.

„მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებთაც რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობებები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენც ამ საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში შეანელა თუ არა ჩვენი წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან, პირიქით, გააძლიერა. შეგახსენებთ, ამავდროულად, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. პარალელურად, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, ნატო-სთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ არ ახსოვს ნატო-სა და საქართველოს“ ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის წარმოჩენილი ისე, თითქოს აურთიერთგამომრიცხავი.

„ვიცი, რომ ძნელია, ერთი მხრივ, გვაქვს სერიოზული პრეტენზიები რუსეთთან, მეორე მხრივ, ხდება რაღაც ტიპის ურთიერთობების გაღრმავება. პოლიტიკაში ასეთი რამეები შეიძლება შეთანხმდეს და თუ პასუხიმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხს, იმ ათიათასობით ადამიანზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც არის დასაქმებული დღეს ტურიზმის სექტორში. გავთავისუფლდეთ ამ კომპლექსისგან.  სირცხვილის განცადა იმიტომ, რომ ცოტათი მეტი ბოთლი ღვინო გაიყიდა რუსეთში ან თავის მართლების პოზიციაში დგომა, არის სიბეცე“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.