დავით ზალკალიანი - უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა ქვეყანა არ უნდა მიიყვანოს მდგომარეობამდე, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით
დავით ზალკალიანი - უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა ქვეყანა არ უნდა მიიყვანოს მდგომარეობამდე, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით

უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა ქვეყანა არ უნდა მიიყვანოს მდგომარეობამდე, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა, მძიმე ეკონომიკური შედეგები აიცილოს.

„ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და კიდევ არ წავიდეთ იმ სცენარის მიხედვით, რომელიც გვქონდა რამდენიმე წლის უკან. ვფიქრობ, უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა ქვეყანა არ უნდა მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ შევიქმნათ ისევ ისეთი მძიმე მდგომარეობა, რაშიც ვიყავით რამდენიმე წლის წინ. ამიტომ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანას ავაცილოთ ეკონომიკური მძიმე შედეგები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შედეგი არ დადგეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპული ბაზარი გახსნილიყო.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ბიზნესს სხვადასხვა ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდეს.

ვფიქრობ, ის პოზიტიური დინამიკა და მონაპოვარი, რაც გვაქვს ჩვენ, თუნდაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ამის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შენარჩუნებულ იყოს, რადგან ათასობით, მილიონობით ადამიანს შეექმნება პრობლემა. არ უნდა დავუშვათ, რომ ცალკეული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების თუ სხვა ადამიანების მიერ მართლაც კატეგორიულად მიუღებელმა, პროვოკაციულმა განცხადებებმა მიგვიყვანოს უმძიმეს შედეგებამდე, რომლის შედეგებს საზოგადოება განიცდის თავის თავზე და არა ის უპასუხისმგებლო ადამიანები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს მდგომარეობაში, საიდანაც ამოსვლა გაუჭირდება.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მილიონობით ჩვენმა მოქალაქემ საკუთარ თავზე არ იწვნიოს მძიმე ეკონომიკური შედეგები. მთავრობას, რა თქმა უნდა, აქვს ამაზე კონკრეტული გეგმა, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მთავრობის ცალკეული ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან კერძო კომპანიებს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, უშალოდ შეეხოს ეს პრობლემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევუმსუბუქოთ მათ ეს მძიმე ტვირთი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.