ნათია თურნავა - „ეარფრანსს“ აგვისტოდან ფრენების დაწყებას დავუდასტურებთ, რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება
ნათია თურნავა - „ეარფრანსს“ აგვისტოდან ფრენების დაწყებას დავუდასტურებთ, რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ავიაკომპანია „ეარფრანსს“ ფრენების დაწყებას დავუდასტურებთ, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას საშუალება ექნება პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა პარიზსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით დაიწყოს.

„ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ფარგლებში, რომლებმაც საზღვრები უპირობოდ გაგვიხსნეს, ვსაუბრობდით აგვისტოში პირდაპირი, რეგულარული ფრენების აღდგენაზე. გერმანიასთან „ლუფთჰანზას” მეშვეობით ეს მოლაპარაკება შედგა. „ლუფთჰანზამ“ პრაქტიკულად უკვე გამოაქვეყნა თავისი ფრენების განრიგი და ბილეთებიც გაყიდვაშია. შემდეგი ნაბიჯი იყო გადასადგმელი „ეარფრანსთან“ და დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, დავუდასტურებთეარფრანსს“ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს. მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ პარიზის „შარლ დე გოლის“ აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, გრძელდება მოლაპარაკება „ეარბალტიკთანთბილისი-რიგას მიმართულებაზე და სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მალე მიიღება.

„ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს. „ლუფთჰანზა” ეს არის მიუნხენი-თბილისი-მინხენი, „ეარფრანსი“  – პარიზი-თბილისი-პარიზი. ასევე გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით 16 ფრენა ექნება, ოდნავ მეტი, ვიდრე ივლისში ჰქონდა. ძირითადად, ეს იქნება ვენა და ამსტერდამი. ჩვენთან შეთანხმებით, სხვა კომერციული ჩარტერებიც, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დაშვებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება ე.წ. სოციალურ ჩარტერებს სრულდება უკვე გამოცხადებული ხუთი მიმართულებით, რასაც დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება.

„ეს იყო ქართველი სტუდენტების მოთხოვნა, რომლებიც გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით აპირებდნენ ჩასვლას. ჩვენ ჩავთვალეთ, ეს ის კატეგორიაა, სადაც სახელმწიფომ სწორედაც რომ თავისი სუბსიდირების რესურსი უნდა გამოიყენოს და შედარებით ხელმისაწვდომი ბილეთები შესთავაზოს. ვიმუშავეთ ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ერთად და პრაქტიკულად ეს ფრენაც შედგება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.