თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს

17:11, 29.02.2024

საავიაციო სფეროში მასშტაბური ფორუმის (Routes Asia 2024) ფარგლებში, რომელსაც მალაიზია მასპინძლობს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი მოლაპარაკებებს განაგრძობს.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ დღეს შეხვედრები შედგა ისეთ მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Thai Air Asia X-ი, Cathay Pacific-ი, Scoot-ი, Jeju Air-ი და India Express-ი.

„თეა ზაქარაძე ავიახაზების პირველ პირებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც ისინი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების დაწყების შემთხვევაში ისარგებლებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირი ავიარეისების განხორციელების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.

ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა GMR Goa-ს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებთან.

საავიაციო სფეროში ერთ-ერთი მასშტაბური ფორუმი – Routes Asia 2024 მალაიზიაში 27-29 თებერვალს გაიმართა. კონფერენციაში მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს პირველი პირები მონაწილეობდნენ.

მსგავსი