ნათია ნოღაიდელი - სტანდარტული მენიუს შემუშავება-შედგენას საბავშვო ბაღი, თუ ბაღების გაერთიანება ახდენს
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის დადგენილი, აქამდე არსებული კალორაჟი, დღეს არსებულ კალორაჟს მხოლოდ და მხოლოდ 22 კილო კალორიით აღემატებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა, ნათია ნოღაიდელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დოკუმენტი, რომელიც ახალი დადგენილების მიღებამდე მუშაობდა და რომელიც კალორაჟს განსაზღვრავდა, 14 წლის განმავლობაში მუშაობდა და უკვე მოძველებული იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, დოკუმენტი გადახედვას საჭიროებდა და მისი მომზადება სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, ტექნიკური რეგლამენტი საკვებ ინგრედიენტებს და მათ რაოდენობას, პროცენტულ შემცველობასა და დღიურ კალორაჟს განსაზღვრავს და არა მენიუს.
„სტანდარტული მენიუს შემუშავება–შედგენას საბავშვო ბაღი, თუ ბაღების გაერთიანება ახდენს“, – განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა განახორციელონ მონიტორინგი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა, თუ რა საკვების მიწოდება ხდება მათი შვილებისთვის და ვის უნდა დაუკავშირდნენ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნათია ნოღაიდელმა თქვა, რომ მათ ინფორმაცია, პირველ რიგში, ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მიაწოდონ.