ირაკლი ბენდელიანი - მოქალაქეები, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ, ბაგა-ბაღებში გარკვეულ გადასახადს უნდა იხდიდნენ
ირაკლი ბენდელიანი - მოქალაქეები, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ, ბაგა-ბაღებში გარკვეულ გადასახადს უნდა იხდიდნენ

მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ბაგა-ბაღებში გარკვეულ გადასახადს უნდა იხდიდეს, დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი პირები კი არ უნდა იხდიდნენ, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„საბედნიეროდ, არსებობს მაღალი შემოსავლის მქონე, ძლიერი ოჯახები და თუ ისინი გადასახადს გადაიხდიან, არავითარი პრობლემა არ იქნება. თუმცა, არსებობს გაჭირვებული ოჯახები და მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ ზედმეტი ტვირთი არ დააწვეთ“, – განაცხადა ბენდელიანმა.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობლის, თეა ბითაძის შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია მშობლების პოზიცია, რომლებიც თვლიან, რომ კვებასთან დაკავშირებით შემოღებული ახალი რეგულაციები იმისთვის კეთდება, რათა ბაღი ფასიანი გახდეს, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ ახალ რეგულაციებს ბაღების ფასიან ბაღებად გარდაქმნასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს სრული სიცრუეა. აქ საუბარია შემდგომ ნაბიჯებზე, გადასახადი რა კატეგორიამ უნდა გადაიხადოს და რა კატეგორიამ არა. დღეს ამ საკითხზე კონსულტაციები და შეჯერება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

გადაცემის სტუმრის, თაკო დანელიას შეკითხვაზე, რას ისწავლის ბავშვი დამატებით, თუ ბაღი ფასიანი გახდება და საშუალო, თუ ოდნავ მეტი შემოსავლის მქონე მშობელი რაღაც ოდენობის თანხას გადაიხდის, თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხს დედაქალაქის მთავრობა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გასცემს.

ირაკლი ბენდელიანმა გადაცემაში სტუმრად მყოფ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობლის, თაკო დანელიას განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ უმეტეს ბაღებში ბავშვების მიმართ ყურადღება არასაკმარისია და მათ წყალსაც კი არ ასმევენ.

„მასწავლებლების მიმართ დედაქალაქის მთავრობის პატივისცემა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო. თუმცა, როცა საქმე ბავშვის მიმართ გულგრილობას ეხება, პირობას გაძლევთ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ. ასეთი ფაქტების შემთხვევაში უნდა მიმართოთ როგორც ბაღის ადმინისტრაციას, ასევე ბაგა–ბაღების მონიტორინგის ჯგუფს და ბაგა–ბაღების გაერთიანებას. შესაბამისი ცხელი ხაზი არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.