თაკო დანელია - საბავშვო ბაღებში მენიუს ჩანაცვლება ეტაპობრივად რომ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა
თაკო დანელია - საბავშვო ბაღებში მენიუს ჩანაცვლება ეტაპობრივად რომ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა

ვფიქრობ, საბავშვო ბაღებში მენიუს ჩანაცვლება ეტაპობრივად რომ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა, – განაცხადა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, თაკო დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„უმჯობესი იქნებოდა, მენიუს ჩანაცვლება პატარა ასაკობრივ ჯგუფებში დაეწყოთ, რადგან ახალ საკვებს ორი წლინახევრის ბავშვი უფრო ადვილად მიეჩვევა, ვიდრე 4–5 წლის, რომელიც 2–3 წლის განმავლობაში ძველ მენიუს არის მიჩვეული“, – განაცხადა დანელიამ.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, ბაღებში დილით ან შუადღეზე მხოლოდ ერთი კერძი მზადდება.

„ჩემი შვილი მე–15 სახელმწიფო ბაღში დამყავს, რომელიც მართლა იდეალურია. კერძო ბაღების ფონზე იმდენად კარგი ბაღია, რომ მიკვირს კიდეც. კვებაც შესანიშნავია, მაგრამ თუ აქამდე დილით ან შუადღეზე 2–3 სახის კერძი იყო, ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი კერძი მზადდება, რომელიც ბავშვს უნდა თუ არა, უნდა ჭამოს“, – განაცხადა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა.

თაკო დანელიამ ასევე თქვა, რომ ბაღში, სადაც შვილი დაჰყავს, პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ ეს ყველგან ასე არ არის.

დირექტორიდან დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, კმაყოფილი ვარ, მაგრამ მანამდე, სხვა ბაღში, სადაც უფროსი შვილი დამყავდა, ბავშვს წყალსაც კი არ ასმევდნენ. ორ დღეში ერთხელ ბაღში მისვლა და მათთვის იმის ახსნა გვიწევდა, რომ როცა ბავშვი სამი წლისაა და საჭმელს არ ჭამს, მას მეტი ყურადღება სჭირდება. ეს უმეტეს ბაღებში ასე ხდება“, – განაცხადა თაკო დანელიამ.