ირაკლი ბენდელიანი - ბაღებში გახანგრძლივებული ჯგუფების საკითხზე მუშაობა დაწყებულია
ირაკლი ბენდელიანი - ბაღებში გახანგრძლივებული ჯგუფების საკითხზე მუშაობა დაწყებულია

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წელს, დედაქალაქის მასშტაბით, ათი ახალი ბაღის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამავე დროს, დაგეგმილი გვაქვს არსებული ბაგა-ბაღების უმეტესი ნაწილის შეკეთება. მაქსიმალურად ვცდილობთ, პრობლემა, როცა ჯგუფებში 30 ბავშვზე მეტია, ეტაპობრივად გამოსწორდეს“, – განაცხადა ბენდელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შედგება თუ არა ბაღებში გახანგრძლივებული ჯგუფები და როდიდან ისარგებლებენ მშობლები ამ სერვისით, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მოგეხსენებათ, ბაღი შუადღის 6 საათზე სრულდება და ინიციატივით, რომ ის შუადღის 8 საათამდე გახანგრძლივდეს, მშობლებმა მოგვმართეს. პირველ რიგში, სწორედ მათი სურვილი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მაკა ცინცაძემ სტუმარს საბავშვო ბაღების პერსონალის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ხელფასების მომატება, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დედაქალაქის მთავრობას ზუსტი პასუხი ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ ექნება.

„ვერ ვიტყვით, რომ ბაგა–ბაღების მასწავლებლებს ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვთ. ბაღებში დასაქმებული პირების გარკვეულ კატეგორიას საშუალო ხელფასი აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, მათი ანაზღაურება გაიზარდოს. ორმაგი და სამმაგი რომ ჰქონდეთ, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება და პირველი ვიქნებით, ვინც ამას მხარს დაუჭერს, თუმცა ეს ყველაფერი ბიუჯეტთანაა დაკავშირებული და მერიაში ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება იმ ხალხის სრული რაოდენობა, ვინც დედაქალაქის მმართველობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს. ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი, თუ რის შესაძლებლობას იძლევა დედაქალაქის ბიუჯეტი“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ბაგა–ბაღებში რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება და ეს საკითხი მაქსიმალურად გაკონტროლდება.