თეა ბითაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ 2018 წლის პირველ იანვრამდე ჩვენი შვილები არაჯანსაღად იკვებებოდნენ
თეა ბითაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ 2018 წლის პირველ იანვრამდე ჩვენი შვილები არაჯანსაღად იკვებებოდნენ

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ 2018 წლის პირველ იანვრამდე ჩვენი შვილები არაჯანსაღად იკვებებოდნენ, – ამის შესახებ საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, თეა ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„გადაცემის სტუმრებს რომ ვუსმენდი, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სამი შვილი მყავს, რომელთაგან ბაღში ორი დადის. როცა მეუბნებიან, რომ მოძველებული სტანდარტის მიხედვით ბავშვის მენიუ ჯანმრთელობისთვის არასასარგებლო კვებითი პროდუქტებით იყო გაჯერებული, ჩემი რეაქცია ბუნებრივია“, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, კვების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პროტესტი, მათ შორის, ბავშვებშიც არის, რადგან ისინი ძველ მენიუს იყვნენ მიჩვეული.

„ახალ მენიუში დილით მოხსნილია ჩაი და კარაქიანი პური, რომლის მიღებას ბავშვები მიჩვეული იყვნენ, რადგან ამ პროდუქტებს ბავშვების 90% მიირთმევს. მენიუში დატოვებულია მხოლოდ წიწიბურას ფაფა, რომელსაც დამეთანხმებით, ბავშვების უმეტესობა არ ჭამს. არის ბავშვების კატეგორია, რომლებიც ბანანს, ან ვაშლს 12:00 საათზე არ მიირთმევს და 14:00 საათამდე ისინი ფაქტობრივად, მშიერი რჩებიან. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ბაღში ახალი ხილის ჩაი შეიტანეს, რომელსაც განსხვავებული გემო ჰქონდა. ბავშვებს ის არ მოეწონათ და 23 ბავშვიდან თითქმის, არავინ დალია“, – განაცხადა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კმაყოფილი არიან თუ არა მშობლები აღმზრდელთა კვალიფიკაციითა და უნარებით, თეა ბითაძემ თქვა, რომ ამ მხრივ, ის ძალიან კმაყოფილია.

„ჩემი ბავშვები მე–4 ბაგა–ბაღში დადიან, სადაც ფანტასტიკური აღმზრდელები ჰყავთ. ამიტომ, აღმზრდელთა კვალიფიკაციითა და უნარებით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა თეა ბითაძემ.