ნათია მეზვრიშვილი - პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად, კანონის დაცვით, ადგილობრივების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული
ნათია მეზვრიშვილი - პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად, კანონის დაცვით, ადგილობრივების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული

ქვების სროლას გამართლება არ აქვს და კითხვა პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, რას ნიშნავს, პოლიციამ რა დააშავა? – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

მეზვრიშვილის თქმით, პოლიციამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იმოქმედა.

„ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესები საკმაოდ სენსიტიური საკითხია. პოლიციამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იმოქმედა. შეიძლება, ექსპერტებს, სპეციალისტებს და პროკურატურას, ვინც შესაძლოა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები უნდა შეაფასოს და სხვანაირი მოსაზრება აქვს, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიცია მოქმედებდა ღირსეულად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ. რაც შეეხება ფორმალურ პროცედურებს, სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პროცესს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად თანმიმდევრულად მივყვებით. შეთქმულების თეორიებზე საუბარი სწორი არ იქნება, მით უმეტეს, ტელევიზიით მტკიცებულებების გარეშე. საუბრები იმის შესახებ, რომ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა და თურმე, პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა, ყველა ქმედება, რაც პოლიციამ განახორციელა, კანონის ჩარჩოებსა და ფარგლებში იყო მოქცეული“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, მოქალაქეთა ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული და ალბათ, ამაზე კითხვები არც უნდა არსებობდეს.

„როგორც სხვა შემთხვევებში, ასე ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და სამართლებრივ პროცედურებს მივყვებით. პანკისის ხეობაში პოლიცია ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად იმყოფებოდა. თავდაპირველად, ადგილზე 35 პოლიციელი იყო და დამატებითი ძალების გადაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა იქ მყოფი ადამიანების გარკვეული ნაწილი, რაც სამწუხარო ფაქტია. ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა არსებობს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცით. ქვების სროლას გამართლება არ აქვს და კითხვა პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, რას ნიშნავს? – პოლიციამ რა დააშავა? – რაც მოხდა, სამწუხარო ფაქტი იყო. გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იყო, პოლიცია ღირსეულად მოიქცა, სამართლებრივი ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, პოლიციის ყოფნას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ მოგვმართა და ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე დასრულებულია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება 21 აპრილს ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.