ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს
ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნათია კაპანაძე, რომელიც მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან დღეს გადააყენეს მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის.
„მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. მე მომიწევს, რომ კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოო დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ამ შემთხვევაში უკვე საკუთარ თავს დავიცავ“, – განაცხადა კაპანაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.