ნასკას ხაზების საიდუმლო
ნასკას ხაზების საიდუმლო

როგორც კი თვითმფრინავი სამხრეთ პერუს მაღლობზე მდებარე უდაბნოს მოსწყდება, უმალ შენიშნავთ, როგორ იცვლის თქვენს თვალწინ ფორმას ფერმკრთალი კლდეები და ქვიშა. მკაფიო, თეთრი ხაზები თანდათან მოწითალო-მოჟანგისფროდ გარდაიქმნება. გრძელი, წვრილი ხაზებით დასერილი უდაბნო იმდენად მშრალია, რომ წელიწადში ერთ ინჩზე ნაკლები მოცულობის წვიმა მოდის. თანდათანობით, ლანდშაფტი კიდევ უფრო იცვლება და ხაზები მარტივი გეომეტრიული ფიგურების ფორმას იღებენ – შენიშნავთ ტრაპეციებს, სწორ ხაზებს, მართკუთხედებს, სამკუთხედებსა და წრეებს. ზოგიერთი ხაზი ნელ-ნელა კიდევ უფრო განსხვავებულ ფორმებს იღებს და თქვენს წინაშე წარმოსდგება კოლიბრის, ობობის, მაიმუნისა და სხვა ცხოველთა ნახატები.

ეს სახელგანთქმული ნასკას ხაზებია – საიდუმლოებით მოცული ობიექტი ბოლო 80 წლის მანძილზე. როგორ შეიქმნა ისინი? რა მიზანს ემსახურებოდა? შექმნეს თუ არა ისინი უცხოლპანეტელებმა?

ხაზები პერუს სამხრეთში, დედაქალაქ ლიმიდან 400 კილომეტრის მოშრებით, თანამედროვე ქალაქ ნასკას მახლობლად მდებარეობს. საერთო ჯამში, აღმოჩენილია 800 სწორი ხაზი, 300 გეომეტრიული ფიგურა და სხვადასხვა ცხოველებისა და მცენარეების 70 ნახატი. ზოგიერთი სწორი ხაზის სიგრძე 49 კილომეტრია, მცენარეთა და ცხოველთა ფიგურების სიგრძე კი 15-დან 365 მეტრამდე (ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის ზომის).

 

ხაზების აღმოჩენა და პირველი თეორიები

პირველი, ვინც ნასკას ხაზები სისტემატიურად შეისწავლა, პერუელი არქეოლოგი ტორიბიო მეხია შესპე იყო, იგი კვლევებს 1926 წელს აწარმოებდა. იმის გამო, რომ ფიგურებისა და ხაზების აღქმა მიწის ზედაპირიდან შეუძლებელია, საზოგადოებისათვის ისინი პირველად ცნობილი 1930-იან წლებში გახდა, მას შემდეგ, რაც პერუს თავზე კომერციული ფრენების დროს პილოტებმა შენიშნეს. 1941 წლის 22 ივნისს, ზამთრის ბუნიობიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ, ამერიკელმა პროფესორმა ერთ-ერთი ხაზის შესწავლა მისი საწყისი წერტილიდან გადაწყვიტა. მთელი დღის დაკვირვების შემდეგ, კოსოკმა შენიშნა, რომ ჩასვლისას, მზე ზუსტად ხაზს გაუსწორდა. კოსოკმა 310 კვადრატული მილი ფართობის უდაბნოს „მსოფლიოს უდიდესი ასტრონომიული წიგნი“ უწოდა.

 

რას წარმოადგენს ხაზები? როგორია მათი წარმოშობა?

ხაზებს გეოგლიფებს უწოდებენ – ეს არის ნახატები მიწის ზედაპირზე, რომელიც მიღებულია კლდოვანი ქანებისა და მიწის ამოთხრის შედეგად, „ნეგატივი“ სურათის სახით. კლდოვანი ქანები, რომლითაც უდაბნოა დაფარული, ჟანგვის შედეგად მუქ ყავისფრად გამოიყურება და შედეგად, როდესაც 12-15 ინჩის ზომის ასეთ კლდეებს ამოთხრიან და სხვა ადგილას გადაიტანენ, ჩნდება ღია ფერის, მაღალი კონტრასტის ქვიშა. იქიდან გამომდინარე, რომ ნასკას უდაბნოში წვიმა უიშვიათესია და თითქმის არაა ქარი და ეროზია, ნახატები ბუნებრივი მიზეზებით არ დაზიანებულა 500-2000 წლის მანძილზე.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხაზების უმრავლესობა ნასკას ხალხმა შექმნა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ახ. წ. 100-700 წლებში სახლობდა. უდაბნოს ძრითადი ნაწილი კარგად მოხატულ ცარცის დაფას მოგვაგონებს, სადაც ხაზები ერთმანეთს კვეთს. გარდა ამისა, ზოგიერთი ნახატი ამოჭრილია პირდაპირ უფრო ადრინდელ სწორ ხაზებზე.

იმის გამო, რომ ნახატების ზომიდან გამომდინარე, მათი სრული აღქმა მხოლოდ ზემოდანაა შესაძლებელი, წარმოიშვა აზრი, რომ ნასკას ხალხი საფრენი აპარატების ტექნიკას ფლობდა. ამ მიდგომას უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ უდაბნოს მიდამოებში აღმოჩენილ კერამიკაზე გამოსახულია ფრანები და ბურთები. ბევრი ხაზის ბოლოში არსებულ წრიულ ორმოებში აღმოჩენილია ნახშირის ნამწვავები, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ცხელი ჰაერის საშუალებით საჰაერო ბუშტს უშვებდნენ. ამ მოსაზრების დამტკიცება, საერთაშორისო კვლევითი საზოგადოების წევრებმა, ამერიკელმა ბილ სპოჰრერმა და ჯიმ ვუდმანმა პრაქტიკულად გადაწყვიტეს. მათ შექმნეს საჰაერო ბურთი და მისი გაშვება სცადეს იმ მასალისა და ტექნიკის გამოყენებით, რომელიც იმ დროისათვის ნასკას მაცხოვრებლებისათვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბურთი მართლაც მოსწყდა მიწას და 14 წუთი იფრინა სხვადასხვა მიმართულებით. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი შედეგისა, არ არსებობს ისეთი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება, რომ ნახატების შესაქმნელად, ნასკას ხალხი მართლაც იყენებდა ფრენის ტექნიკას. ყველაზე დამაჯერებელი თეორიის თანახმად, ხაზები მხოლოდ მიწის ზედაპირიდანაა შექმნილი.

 

თეორიები

კოსოკის შემდეგ, ნასკას უდაბნოს იკვლევდა გერმანელი მეცნიერი მარია რაიხე, რომელიც „ხაზების დედოფლის“ სახელით გახდა ცნობილი. რაიხე ხაზებს 40 წლის მანძილზე სწავლობდა და შეუპოვრად იცავდა საკუთარ თეორიებს, რომელთა მიხედვითაც, ხაზები ასტრონომიული და კალენდარული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. სხვათა შორის, 1974 წელს, თავის ნაშრომებისათვის, რაიხემ National Geographic-ის გრანტი მიიღო. მარია რაიხე ძეგლის დასაცავად მარტოდმარტო იბრძოდა; უფრო მეტიც – იგი უდაბნოსთან ახლოს, პატარა სახლში დასახლდა, რათა ხაზების დაცვა პირადად შესძლებოდა დაუდევარი ტურისტებისაგან, რომლებიც მათ ხშირად თავისდა უნებურად აზიანებდნენ.

კოსოკ-რაიხეს ასტრონომიული თეორიები ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული 1970-იან წლებამდე, მანამ, სანამ გეოგლიფების შესასწავლად პერუში ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი ჩავიდოდა. კვლევათა ახალმა ტალღამ ხაზების არქეო-ასტრონომიულ ხედვაში ნაპრალების შეტანა დაიწყო (1960-იან წლებში, საუბარი არ იყო ისეთ რადიკალურ თეორიებზე, რომლებიც დაკავშირებულია უცხოპლანეტელებთან და უძველეს ასტრონავტებთან).

National Geographic-ის მკვლევარმა იოჰან რაინჰარდმა ხაზების ანალიზისათვის ჩამოაყალიბა მრავალდისციპლინური მიდგომა. მისი თქმით, „ნასკას მიდამოები, სადაც ნასკას ხალხი სახლობდა, ეს ყველაფერი ვრცელ ეკოლოგიურ სისტემას წააგავს“. რეგიონში, სადაც წელიწადში მხოლოდ 20 წუთით წვიმს, წყალი განსაკუთრებით მნიშნელოვანი ფაქტორი იყო.

„როგორც ჩანს, ხაზების უმრავლესობა არაფერს არ აღნიშნავს არც გეოგრაფიულ და არც ცის ჰორიზონტზე, თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ისინი მიუთითებს იმ ადგილებისაკენ, სადაც წყლის მიღებისა და მცენარეთა ნაყოფიერებისათვის მიძღვნილი რელიგიური რიტუალები ტარდებოდა“, – წერს რაინჰარდი თავის წიგნში „ნასკას ხაზები: ახალი პერსპექტივა მათ წარმოშობასა და მნიშვნელობაში“.

რაინჰარდს ეთანხმება National Geographic-ის ყოფილი მკვლევარი ენტონი ავენი: „ჩვენი აღმოჩენები ნათლად აჩვენებს, რომ სწორი ხაზები და ტრაპეციები წყალთანაა დაკავშირებული, თუმცა მათი საშუალებით წყალს კი არ ეძებდნენ, არამედ იყენებდნენ მის საპოვნელად მიძღვნილ რიტუალებში“.

„ტრაპეციებს იმდენად დიდი ფართობი უკავიათ, რომ ადამიანებს მის სივრცეში შესვლა და გასვლა შეუძლიათ“, – ამბობს ავენი. „ასეთი რიტუალები უძველეს ხალხებს ღმერთებისადმი წყალობის სათხოვნელას ესაჭიროებოდათ, ნასკას შემთხვევაში, ისინი ძირითადად წყალს ითხოვდნენ“.

რაინჰარდი აღნიშნავს, რომ სპირალური ნახატები პერუს სხვა უძველეს ძეგლებზეცაა აღმოჩენილი. ცხოველების სიმბოლიზმი კი ანდების მთების არეალში ძალზედ მიღებული პრაქტიკაა; მიჩნეულია, რომ ნასკას უდაბნოში აღმოჩენილი ობობის ნახატები წყლის სიმბოლოა, კოლიბრები ნაყოფიერებასთანაა დაკავშირებული; გარდა ამისა, წყალთანაა დაკავშირებული მაიმუნის ნახატებიც, რადგან ეს ცხოველი გაიგივებული იყო ისეთ წყალუხვ რეგიონთან, როგორიცაა ამაზონია.

„დღეისათვის, ნასკას ხაზების შესახებ არსებული არც ერთი თეორია ბოლომდე არ დასტურდება, თუმცა არქეოლოგიის, ეთნოისტორიის და ანთროპოლოგიის კომბინაცია სოლიდურ გარემოებას წარმოქმნის“, – აღნიშნავს რაინჰარდი. ამ ყველაფერს ემატება ახალი ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული კვლევები და ეჭვგარეშეა, რომ ახლო მომავალში ნასკას ნახატების შესახებ მრავალ საიდუმლოს აეხდება ფარდა.

 

უცხოპლანეტელები და სამხრეთამერიკული ოლიმპიადა

ნასკას ხაზებთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელსაც თითქმის არანაირი მტკიცებულება არ ამყარებს. ამ თეორიის თანახმად, ხაზები და ნახატები უცხოპლანეტელებმა შექმნეს და ისინი მათთვის მიწაზე დასაფრენ ადგილს წარმოადგენდა. თეორიის ავტორი შვეიცარიელი მეცნიერი ერიხ ფონ დანიკენია. მისი მტკიცებით, ნასკას უდაბნოში უცხოპლანეტელები ჯერ კიდევ იმ დროს ჩამოდიოდნე, როდესაც ადამიანები განვითარების შედარებით პრიმიტიულ ეტაპზე იყვნენ. როგორც წესი, დანიკენის თეორიები ნაკლებ სარწმუნოა, რადგან იგი მრავალი უძველესი საოცრების, მათ შორის ეგვიპტის პირამიდების შემქმნელებადაც უცხოპლანეტელბს მიიჩნევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშებთ, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, ნასკას უდაბნოს ზედაპირი საჰაერო ხომალდების დასაჯდომად ძალზედ არახელსაყრელია, გარდა ამისა, გაუგებარია, რაში ესაჭიროებოდათ მათ ცხოველთა ფიგურების შექმნა.

ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, ხაზები და სპირალები სარბენ ტრასად გამოიყენებოდა. 1980-იან წლებში, ამ თეორიას ანვითარებდა გერმანელი მეცნიერი ჯორჯ ფონ ბრენიგი. მისი შთამბეჭდავი ჰიპოთეზა დეტალურად აღწერს ადგილობრივ რბოლათა სერიას, რომელიც ერთგვარ ეროვნულ შეჯიბრს წააგავდა. გუნდის აღჭურვილობა და ფორმები ხშრადაა გამოსახული უდაბნოში აღმოჩენილ კერამიკაზეც.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე თეორია უფრო ხატოვანია და ნაკლებად ეყრდნობა რეალურ მტკიცებულებებს.

და მაინც, იმის მიუხედავად, თუ რისთვისაა შექმნილი ეს ამოუცნობი ნახაზები და ფიგურები პერუს მიყრუებულ, უკაცრიელ ზეგანზე და იძლევა თუ არა რომელიმე თეორია მეტნაკლებად დამაჯერებელ პასუხს, ისინი დღემდე რჩება კაცობრიობისთვის ერთგვარ გამოცანად, რომელსაც საბოლოო პასუხი ოდესმე ალბათ გაეცემა. და ბოლოს, ცხოვრება მართლაც ნაკლებ საინტერესო იქნებოდა, სამყარო ჯიუტად რომ არ იცავდეს თავის საიდუმლოებებს.

 

მომზადებულია National Geographic-ისა და archaeology online-ის მიხედვით