გარდაიცვალა ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა
ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მწერლის შვილის, ალვარო ვარგას ლიოსას განცხადებით, ის პერუს დედაქალაქ ლიმაში 13 აპრილს ოჯახის გარემოცვაში „მშვიდად“ გარდაიცვალა.
მარიო ვარგას ლიოსა ლათინოამერიკული ლიტერატურისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისი 50-მდე ნამუშევარი ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად. მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2010 წელს გაადეცა, რა დროსაც მას უწოდეს „ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი“.
მის ნამუშევრებს შორისაა „საუბარი კათედრალში“, „მწვანე სახლი“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“. თავის ნაწარმოებებში მარიო ვარგას ლიოსა ხშირად წერდა ავტორიტარიზმის, ძალადობის, კორუფციის თემებზე.
მწერალი პოლიტიკურად აქტიური იყო და 1990 წელს პერუს პრეზიდენტის პოსტზეც იყრიდა კენჭს მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციიდან, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა.
2023 წელს ვარგას ლიოსამ განაცხადა, რომ რომანი „გიძღვნით ჩემს დუმილს“ მის ლიტერატურულ კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა. ნობელის პრემიის გარდა, მას მიღებული ჰქონდა არაერთი პრიზი, მათ შორის, ესპანურენოვან ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი – სერვანტესის სახელობის პრემია.
თავისი სიცოცლხის ბოლო წლები მწერალმა პერუსა და ესპანეთში გაატარა.