„როიტერი“ – პერუში საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, ერთი პირი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პოლიციელი

23:55, 16.10.2025

პერუში გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისას, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 32 წლის მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„როიტერი“ ქვეყნის ომბუდსმენის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირების დროს ათობით პოლიციელი დაშავდა.

გამოცემის ცნობით, მომიტინგეები, ტრანსპორტის მუშაკები და სამოქალაქო ჯგუფები აცხადებენ, რომ დემონსტრაციებს გახშირებული კორუფციისა და მზარდი დანაშაულის წინააღმდეგ მართავენ.

ლიმაში გამართული აქციის დროს დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა, ქვები და ცეცხლმოკიდებული საგნები ისროლა.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს პერუს კონგრესმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის თანამდებობაზე კონგრესის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ხოსე ხერი დაამტკიცეს, რომელმაც მთავარ ამოცანად კრიმინალთან ბრძოლა დაასახელა.

პერუში 2018 წლიდან ექვსი პრეზიდენტი შეიცვალა. სამი ყოფილი ლიდერი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

მსგავსი