მარსისთვის კოსმოსიდან გადაღებულ ახალ სურათზე წითელი პლანეტის დრამატულ ლანდშაფტთან ერთად ჩანს ნასას მარსმავალი „კურიოზიტიც“, რომელიც ამჟამად შარპის მთის კალთებზე იმყოფება. ეს მთა სიმაღლეში 5 კილომეტრია და აღმართულია გეილის კრატერში. „კურიოზიტი“ იქ თიხის შემცველ მინერალებს იკვლევს.
ფოტო 2019 წლის 31 მაისს გადაიღო მარსის ორბიტაზე მოძრავმა ნასას ხომალდმა MRO-მ. სურათზე „კურიოზიტი“ მოლურჯო ლაქის სახით ჩანს. მავალის ჩრდილოეთით აღმართულია ვერა რუბინის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მუქი ლაქის სახით ქვიშიანი რეგიონი მოჩანს.
აუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ „კურიოზიტის“ თავს, ანუ დისტანციური მართვის გადამცემს. სურათის გადაღების მომენტში მავალი ჩრდილოეთიდან 65 გრადუსით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იყო, რის გამოც გადამცემი ასე კაშკაშად მოჩანს.
ნასას შემდეგი მავალი „მარს2020“ წითელ პლანეტაზე 2021 წლის 18 თებერვალს დაჯდება და სიცოცხლის ნიშნებზე ინადირებს, თუკი ის ოდესმე არსებობდა ან არსებობს ჩვენს მეზობელ პლანეტაზე.