NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე განხორციელებული რეკორდული ფრენის ვიდეო გამოგზავნა — #1tvმეცნიერება
14:11, 30.05.2022
როდესაც შარშან მარსზე მინივერტმფრენი Ingenuity გაგზავნეს, ინჟინრები სულ ხუთ ფრენას გეგმავდნენ.
ანუ, მას წითელ პლანეტაზე მეტი ვერ უნდა ეფრინა; NASA-ს კოსმოსური ხომალდებისთვის ასეთი კონსერვატიული პარამეტრები ნორმალურია. თუმცა, გასული წლის ბოლოს, NASA-მ მისია განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა და ციცქნა ვერტმფრენმა თავდაპირველ სამიზნეებს გაცილებით გადააჭარბა: მან უკვე 25-ჯერ იფრინა მარსის თხელ, გაუხშოებულ ატმოსფეროში.
უფრო ზუსტად, ვერტმფრენმა 28 ფრენა შეასრულა, მაგრამ 25-ე ფრენა აბსოლუტურად გამორჩეული იყო. 8 აპრილს, Ingenuity-მ მოხსნა როგორც მანძილის, ისე სიჩქარის რეკორდი — გაიფრინა 704 მეტრი, წამში 5,5 მეტრის სიჩქარით.
ფრენისას გადაღებული ფოტოები ვერტმფრენმა დედამიწაზეც გამოგზავნა, რომელთაგანაც მეცნიერებმა ვიდეო ააწყვეს.
„ამ რეკორდული ფრენისას, Ingenuity-ს დაბლა მიმართულმა სანავიგაციო კამერამ გვიჩვენა, რას დაინახავდით, როდესაც მარსზე 10 მეტრის სიმაღლეზე წამში 5,5 მეტრის სიჩქარით მიფრინავ“, — ამბობს ინჟინერი ტედი ცანეტოსი.
ფრენის ხანგრძლივობა 161,3 წამი იყო, მაგრამ ვერტმფრენმა გადაღება მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ, ზედაპირიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე აფრენისას დაიწყო, რადგან კამერას ის სანავიგაციოდ იყენებს.
ვიდეოში Ingenuity დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე ადის და შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით მიფრინავს. სამ წამში ავითარებს 5,5 მეტრი წამში სიჩქარეს. პირველად ვერტმფრენმა ქვიშას გადაუფრინა, შემდეგ ქვიან ველებს, შემდეგ შედარებით ბრტყელ და უსახურ ზედაპირს, სადაც უსაფრთხოდ დაჯდა.
ფრენის პარამეტრები წინასწარ არის გაწერილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც აფრინდება, ის უკვე დამოუკიდებელია. მარსსა და დედამიწას შორის არსებული დროის შეფერხების გამო, ფრენისას კურსში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მოხდეს რაიმე შემთხვევითი წარუმატებლობა.
საბედნიეროდ, Ingenuity-ს შესაძლებლობებმა მის შემქმნელთა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და რაიმე დაზიანების ნიშნები ჯერ არ აქვს. მარსის ატმოსფეროს სიმკვრივე დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის ერთ პროცენტზე ნაკლებია; თუმცა, ადამიანებმა მაინც შევძელით რაღაც ისეთის შექმნა, რომელიც ასეთ გარემოში დამოუკიდებლად იფრენდა.