NASA-ს პლანეტებზე მონადირე ახალმა ტელესკოპმა კომეტა გადაიღო
18:07, 07.08.2018
NASA-ს პლანეტებზე მონადირე ახალი კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი რამდენიმე თვის წინ დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ხომალდი სამუშაოს უკვე შეუდგა და ცის დასკანირება დაიწყო, რათა მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები იპოვოს.
მაგრამ სანამ სამუშაოს შეუდგებოდა, NASA-მ ტელესკოპს რამდენიმე სატესტო დავალება მისცა. ამ დროს ისე მოხდა, რომ TESS-მა ცაში მოლივლივე პატარა კომეტა გადაიღო.
25 ივლისს, TESS-ი სატესტო დაკვირვებებს 17 საათის განმავლობაში აწარმოებდა. ამ დროს, ხომალდმა ფოტოების სერია გადაუღო დაახლოებით ერთი თვის წინ, 29 ივნისს აღმოჩენილ კომეტას, სახელად C/2018 N1.
ეს კომეტა მდებარეობს დედამიწიდან 48 მილიონი კილომეტრის მანძილზე. TESS-ის მიერ გადაღებულ ფოტოზე ის სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედისაკენ მოძრაობს. სურათის ზედა ნაწილში შესაძლებელია კომეტის კუდის დანახვაც.
ასევე შეგიძლიათ შენიშნოთ შავ-თეთრ ფერებში მოციმციმე ვარსკვლავები. ეს ფოტოს მომზადების შედეგია და დიდად გამოსადეგია ცვალებად ვარსკვლავთა წარმოსაჩენად, რომლებიც სიკაშკაშეს იცვლიან სწრაფი ბრუნვის, პულსირების ან ბინარული კომპანიონის მხრიდან ჩაბნელების გამო.
თეთრი წერტილები ასტეროიდებია, ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ მოძრავი სინათლის „ტალღა“ კი წარმოქმნილია მარსის სინათლის არეკვლით, მაგრამ წითელი პლანეტა კადრში თავად არ ჩანს. მთლიანი ფოტო TESS-ის მხედველობის არეალის მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს.
ცის ფართო რეგიონებზე დროის დიდ მონაკვთებში დაკვირვება TESS-ის ის მთავარი შესაძლებლობაა, რომელსაც ტელესკოპი პლანეტათა საძებნელად გამოიყენებს. TESS-ი პლანეტებზე ტრანზიტული მეთოდის გამოყენებით ინადირებს, ანუ დააკვირდება ჩაბნელებებს ვარსკვლავების სინათლეში, რაც გამოწვეულია მათსა და ტელესკოპს შორის პლანეტების ჩავლით. დიდი ხნის განმავლობაში დაკვირვების შედეგად, TESS-ი სინათლის ამ ცვლილებებს ადვილად დააფიქსირებს.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ იმ ვარსკვლავურ სისტემათათვის, რომელთა სიბრტყეც შესაბამისადაა განლაგებული, ანუ მომართულია ჩვენკენ. იმ შემთხვევაში, თუ სიბრტყე ჩვენკენ კიდეს მხრიდან არის მომართული, ტრანზიტული მეთოდი გამოუსადეგარია და მიმართავენ პლანეტათა დაფიქსირების სხვა მეთოდებს.
სწორედ ტრანზიტული მეთოდით აღმოაჩინა ათასობით ეგზოპლანეტა TESS-ის წინამორბედმა, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელმაც მრავალწლიანი მისია რამდენიმე თვის წინ დაასრულა.
TESS-ი კეპლერზე გაცილებით მგრძნობიარეა და შესაბამისად, ასტრონომები მისგან ბევრად მეტი პლანეტის აღმოჩენას ელოდებიან.
სატესტო დაკვირვებების შემდეგ, TESS-ი სამეცნიერო საქმიანობას შეუდგა. პირველ შედეგებს NASA რამდენიმე თვის შემდეგ გამოაქვეყნებს.