პლანეტა დედამიწის განსაცდელთაგან ძალიან შორს, ჩვენს მნათობს საკმაოდ მშვიდი წელი ჰქონდა. მის აქტივობებზე ახლო დაკვირვება ადასტურებს იმას, რასაც მეცნიერები უკვე დიდი ხანია ეჭვობდნენ — ჩვენი დედავარსკვლავი ახალ ციკლში შევიდა.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მზეზე მუქი ლაქების თვალთვალი დაიწყეს, შევნიშნეთ, რომ მისი სიმშვიდისა და მრისხანების მახასიათებლები დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში მეორდება.
მე-18 საუკუნიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც მზეზე დაკვირვებები პირველად ჩაიწერეს, აღრიცხულია 24 ასეთი ციკლი. ნასას და აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ადმინისტრაციის (NOAA) ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ მკვლევართა კომიტეტი ახლა ადასტურებს, რომ 2019 წლის დეკემბერში მზის 25-ე ციკლი დაიწყო.
სრულიად არ ხართ დამნაშავე, რომ ეს ცვლილება ვერც კი შენიშნეთ. ამ პროცესს თან არ ახლავს რაიმე ისეთი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები შევნიშნავთ; ახასიათებს მხოლოდ დაბალტემპერატურიანი ჩრდილების, ე. წ. მზის ლაქების გაჩენა მაღალ განედებზე.
„გვაქვს რამდენიმე ციცქნა მზის ლაქის დეტალური ჩანაწერი, რომლებიც ახალი ციკლის დაწყების მაუწყებლები არიან“, — ამბობს მზეზე გრძელვადიან დაკვირვებათა მსოფლიო მონაცემთა ცენტრის დირექტორი ფრედერიკ კლეტი.
მისივე თქმით, ეს გახლავთ მომავალი გიგანტრუი აფეთქებების პატარა მაცნეები. ორ ციკლს შორის გარდამავალი წერტილის განსაზღვრისთვის აუცილებელია დეტალური დაკვირვება მრავალი თვის განმავლობაში.
პრაქტიკაში კი, მზის ქცევის ცვლილებები უშალოდ ციკლის დასაწყისის შემჩნევას შეუძლებელს ხდის. მხოლოდ მზის აქტივობათა რვა თვიანი მონაცემების დეტალური ანალიზის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გასული წლის ბოლოს მზე ახალ ციკლში შევიდა.
მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ამ 11-წლიანი ციკლების ფრთხილი ჩაწერისა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით მექანიზმი, რომელიც ამ ციკლების მიღმა იმალება. ვარსკვლავებისთვის პერიოდულობა საკმაოდ დამახასიათებელია; მთელ სამყაროში მრავლად არის სხვადასხვაგვარი პულსირებადი ობიექტი, რომლებიც ინტერვალებით ენთებიან და ბნელდებიან.
ჩვენი მზის მახასიათებლების განსაზღვრა ყველაზე უკეთ შესაძლებელია მის მაგნიტურ ველში მომხდარი ცვლილებებით, რომლებსაც თავის მხრივ, იწვევს პლაზმის კომპლექსური დინებები წიაღში.
ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის, ზუსტად რა იწვევს ამ დინებათა ასეთ რიტმულობას, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ისინი დაკავშირებულია პლანეტური ორბიტების ასეთივე პერიოდულობასთან.
„როცა მზის მინიმუმიდან გამოვალთ და 25-ე ციკლის მაქსიმუმს მივუახლოვდებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მზის აქტივობა არასოდეს ჩერდება, ქანქარასავითაა“, — ამბობს ნასას მზის მეცნიერი ლიკა გუჰათაკურტა.
მიუხედავად იმისა, რომ მზის მაღალი და დაბალი ციკლი ყოველ 11 წელიწადში მეორდება, ის უფრო დიდი, 22-წლიანი ციკლის გამოძახილია, რასაც თან ახლავს მზის პოლარულობის სრული ამოტრიალება. ყოველ 11 წელიწადში მზის პოლუსები ადგილებს ცვლიან.
ასეთი გადასვლების მონიტორინგი გვეხმარება კოსმოსური ამინდის უკეთ პროგნოზირებაში, რაც დიდწილად ნაკარნახევია დამუხტული პლაზმისა და რადიაციის აფეთქებებით, რომლებიც მძვინვარედ ურტყამს კოსმოსს, განსაკუთრებით მზის მაქსიმუმების დროს.
დაახლოებით ხუთ წელიწადში მზის აგრესიულ ფაზაში შევალთ, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ახლა ყურადღების მიქცევა არ არის საჭირო.
აუცილებლად ვნახავთ, როგორი იქნება 25-ე ციკლი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ფეთქებადი იყოს. 24-ე ციკლი შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ წინა სხვა ციკლებთან შედარებით ძლიერი.
„ის, რომ ის საშუალოზე დაბალი ციკლია, არ ნიშნავს, რომ ექსტრემალური კოსმოსური ამინდის რისკი გამოვრიცხოთ. მზის გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურია და ის აქ არის“, — ამბობს კომიტეტის თანათავმჯდომარე და NOAA-ს მზის ფიზიკოსი დუგ ბისეკერი.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორი შეიძლება იყოს ეს გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ვართ ასტრონავტები, რომლებსაც საფრთხეს უქმნის მაღალი სიჩქარის პროტონები და რენტგენული გამოსხივება. საზიანოა ხელოვნური თანამგზავრებისთვისაც.
აქ, ზედაპირზე, ფარივით გვიცავს კილომეტრობით სისქის ატმოსფერო და მზის ციკლკები თითქმის შეუმჩნეველია. თუ გაგიმართლათ, მზის მაქსიმუმის დროს უფრო ხშირად დაინახავთ პოლარულ ციალს; ასე რომ სულაც არ უნდა გვეშინოდეს, რომ მზეზე აფეთქებები დედამიწაზე სიცოცხლეს გაანადგურებს.
ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას — ნებისმიერი კავშირი 2020 წლის მძიმე მოვლენებსა და მზის ციკლს შორის მხოლოდ მეტაფორაა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.